ბასილაშვილის საქმე სააპელაციოში გრძელდება - პროკურორმა ახალი მტკიცებულების დაშვება ითხოვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლო პროცესზე. 21 ოქტომბერი, 2022 წელი

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ძალადობის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. დღეს, 22 მარტს, პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც პროკურორმა ნათია გურულმა ახალი მტკიცებულების დართვისთვის მოსამართლეს შუამდგომლობა წერილობით და ასევე დისკის სახით წარუდგინა.

მისი თქმით, შუამდგომლობის ნაწილი ეხება იმ საექსპერტო ბიუროს ექსპერტის საჯარო განცხადებებს, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაატარა. საუბარია ექსპერტ ნათია წერეთელზე, რომლის დასკვნა ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის მიწურულს წარადგინეს და თავად დაზარალებულად ცნობილ ნელი დოროყაშვილს დასდეს ბრალი ქმარზე ფსიქოლოგიურ ძალადობაში.

ასევე ნახეთ "ნიკოლოზ ბასილაშვილი თავად იყო ფსიქოლოგიური ტანჯვის მსხვერპლი" - სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნა განიხილა

პროკურორი აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგი ნიკოლოზ ბასილაშვილის განაჩენის გამოცხადების შემდეგ და წინა დღეს საჯარო განცხადებებით ცდილობდა ნელი დოროყაშვილის დისკრედიტაციას, რაც მის ტენდენციურობაზე მიუთითებს. სხდომაზე მას არ დაუკონკრეტებია საჯარო განცხადებების შინაარსი, ანუ რას გულისხმობდა დისკრედიტაციის მცდელობაში.

"მიგვაჩნია, რომ სწორედ ფსიქოლოგების და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ჩამტარებელი პირის მიკერძოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაციაა", - შენიშნავს პროკურორი ნათია გურული და მოსამართლეს განუმარტავს ახალი მტკიცებულების საქმეში დართვის მნიშვნელობას:

"პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გადაიტანა [ნიკოლოზ ბასილაშვილის] ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სრულად გაიზიარა. მნიშვნელოვანი გარემოებებია ამ ექსპერტიზის გამცემი ფსიქოლოგის ობიექტურობის შეფასების კუთხით".

სასამართლო სხდომას არც ნიკოლოზ ბასილაშვილი ესწრებოდა და არც ნელი დოროყაშვილი. ორივე საზღვარგარეთაა. დღევანდელ სხდომაზე იმყოფებოდნენ ბასილაშვილის ადვოკატები ირმა ჭკადუა და მალხაზ სალაყაია. ვინაიდან მათ დისკის სახით წარმოდგენილი ახალი მტკიცებულება სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე გადაეცათ, მის გასაცნობად და პასუხის მოსამზადებლად დრო მომდევნო პროცესამდე ითხოვეს.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ არც ის იცნობდა დისკზე ჩაწერილ ინფორმაციას, ამიტომ შუამდგომლობის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სააპელაციო საჩივრის განხილვა 7 აპრილს, 12:00 საათზე განახლდება. ამავე დღეს არის დაგეგმილი პროკურორის შესავალი სიტყვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა საქართველოს პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ძალადობის საქმეს თითქმის ორი წელი განიხილავდა. მრავალთვიანი განხილვებისა და მოწმეთა დაკითხვის შემდეგ, 2022 წლის 21 ოქტომბერს მან ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენი გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებითვე გაუქმდა ჩოგბურთელის წინააღმდეგ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - 100-ათასლარიანი გირაო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი პოლიციამ ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით 2020 წლის 22 მაისს დააკავა. მას ბრალი (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილის ბრალდება დააზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებოდა.

ასევე ნახეთ როგორ განმარტავს მოსამართლე ბასილაშვილის გამართლებას

Your browser doesn’t support HTML5

ვნანობ, რომ ამდენი ვითმინე - ინტერვიუ ნელი დოროყაშვილთან