ბრეგაძის თქმით, მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვაზე სააკაშვილისგან განცხადება არ მიუღიათ

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში"

საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვის თხოვნით, ექსპრეზიდენტისგან და მისი ოჯახისგან ოფიციალური განცხადება არ მიუღიათ.

„არ ყოფილა შემოსული არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან რაიმე განცხადება, რომლის მიხედვითაც გვთხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართულიყვნენ უცხოელი ექიმები. სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნებიან წინააღმდეგნი, თუ უშუალოდ მსჯავრდებული ან ოჯახი წარმოადგენს ადგილზე, კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას. ამ შემთხვევაში ჩვენ შუამდგომლობას გავუწევთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, იმისთვის, რომ ამ ექიმებმა გაიარონ შესაბამისი პროცედურები", - თქვა ბრეგაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კი განმარტა: „პროცედურა არის შემდეგი: შემოაქვთ განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, იხილავს ჩვენი სააგენტო და შემდეგ გააქვს საბჭოზე დასადასტურებლად, ნებართვის მისაღებად. არც განაცხადი შემოსულა და არც დოკუმენტაცია შემოსულა".

რატი ბრეგაძის განცხადების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ბრიფინგი გამართა „სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის" ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ. „დღევანდელი ინფორმაცია, რაც მან [იუსტიციის მინისტრმა] გააჟღერა, არის ტყუილი, ეს არის მოკლეფეხებიანი, სულ ერთსაათიანი ტყუილი“, - თქვა ჩალაძემ. მან ბრიფინგზე წარადგინა იუსტიციის სამინისტროსგან მიღებული დოკუმენტი იმის შესახებ, რომ სააკაშვილთან დაკავშირებული განცხადება რეგისტრირებული არის იუსტიციის სამინისტროში.

„ბატონო რატი, მინდა მოგმართოთ თხოვნით და გაგაფრთხილოთ, რომ ნებისმიერი ცრუ ინფორმაცია და არასწორი ინტერპრეტაცია ნებისმიერი საკითხის ზუსტად ასეთივე გამოხმაურებას პოვებს ჩვენი მხრიდან, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის საჯარო პირობის ასრულება, რომელიც მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე დადო; შემდეგ იუსტიციის მინისტრის პირობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების დემარშის შემდეგ, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაუშვებენ ევროკავშირის სამედიცინო მისიას, რომლის ინიციატორი არის პოლონეთის მხარე“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

16 მარტს ევროკავშირის ოფიციალურმა წყაროებმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ქართულმა მხარემ პოლონელ ექიმებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნება დართო.

როგორც რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა დაწერა ტვიტერზე, ჯერჯერობით ცნობილი არ არის თარიღი, როდის გაემგზავრებიან პოლონელი ექიმები საქართველოში. მისივე თქმით, საუბარი არ არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პოლონეთში ან სხვაგან გადაყვანაზე.

ასევე ნახეთ პოლონელ ექიმებს სააკაშვილის მონახულების ნება დართეს - წყარო ევროკავშირიდან

16 მარტს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ პენიტენციური სამსახური "არ იქნება წინააღმდეგი", მოწვეულმა ექიმმა უმკურნალოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, თუ იგი დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს.

"საზოგადოების ინფორმირების მიზნით იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვის შესაძლებლობა მსჯავრდებულ სააკაშვილს სამინისტრომ 2022 წლის 29 ნოემბერს შესთავაზა.

შეთავაზება გულისხმობს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი, უშუალოდ მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის მიერ მოწვეულმა უცხოელმა ექიმმა, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ წინაპირობებს, მიიღოს მონაწილეობა მის მკურნალობაში თბილისში, კლინიკა „ვივამედში“, სადაც ამჟამად მსჯავრდებული სააკაშვილი იმყოფება", - წერია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

ასევე ნახეთ ვინ აგზავნის პოლონელი ექიმების გუნდს, რომელიც მზადაა სააკაშვილთან შესახვედრად

გასულ კვირას პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერმა პიოტრ მულერმა განაცხადა, რომ მედიკოსთა ჯგუფი პოლონეთიდან მზად არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად საქართველოში ჩავიდეს.

მანამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად უცხოელი ექიმის ჩამოყვანა მათი შეთავაზება იყო და ისევ ძალაშია.

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერის, მალგოჟატა გოშევსკას ინფორმაციით, სამედიცინო ჯგუფი უკვე მზადაა საქართველოში გასამგზავრებლად და მათი მიზანია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა, შემდეგ კი დასკვნის მომზადება. ამის შესახებ გოშევსკა პოლონურ მედიას ესაუბრა.

კითხვაზე, ვინ იქნებიან გუნდში, რომელიც საქართველოში გაემგზავრება, გოშევსკა პასუხობს, რომ ეს იქნება პოლონელი მედიკოსების გუნდი, რომელიც ევროპული გადაწყვეტილებების საფუძველზე იმოქმედებს:

"ამაზე 27 ქვეყანა დათანხმდა და ეს მისია მათი პატრონაჟით იქნება.
ასე რომ, ეს იქნება ევროპული მისია, თუმცა პოლონელი ექიმებით დაკომპლექტებული. ყოფილი პრეზიდენტის გამოკვლევის შემდეგ, სამედიცინო კომისია მოამზადებს დასკვნას, რომელიც, იმედი მაქვს, იქნება მისი სიცოცხლის გადარჩენის საფუძველი".

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

  • 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.
  • ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
  • 2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის, ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
  • ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებაშია საქმეები საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის, 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ბრალდებებით.
  • 2021 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში.
  • 2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.
  • სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ყალბი ბრალდებების საფუძველზე მისი დაპატიმრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს.