მწერალი დავით ტურაშვილი, რომელიც გუშინ, 19 მარტს, ტელეკომპანია "ფორმულის" პირდაპირ ეთერში ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას გახდა ცუდად, კლინიკიდან გაწერეს. როგორც მისმა შვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, მისი მდგომარეობა ახლა ნორმალურია.
"ინფარქტს გადაურჩა, ნერვიული შეტევა ჰქონდა", - გვითხრა ანაკო ტურაშვილმა.
ასევე ნახეთ პაპუაშვილი ტურაშვილზე: სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფრის მიღება19 მარტს გადაცემა "მე-17 სართულში" დათო ტურაშვილი ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონპროექტის კრიტიკის შემდეგ მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ასე გამოეხმაურა:
"3 დღეა ამაზე ვფიქრობ, რა დავაშავე. არაფერი არ დამიშავებია, სიყვარულის გარდა და მივხვდი, რომ მაგიტომ მსჯიან. სხვათა შორის, რომ შემოვიდნენ რუსები მე-19 საუკუნეში, პირველი, ვისაც ებრძოდნენ, იყვნენ მწერლები. იმიტომ აგვიკრძალეს ქართულად ლაპარაკი. 20-იან და 30-იან წლებში პირველი ვინც დახოცეს, იყვნენ მწერლები. იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი კანონი იყო. ტიციან ტაბიძე სად არის, ახლაც არ ვიცით, რა მუხლით დაიჭირეს იცით?! საფრანგეთის აგენტობის! ამ კანონპროექტში გარკვევით წერია, რომ აგენტის მხილება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ეს იცით რას ნიშნავს?! დამსმენები, ჩამშვებები და "ნასედკები" დავაბრუნოთო. ჩემზე კი ნუ ბრაზდებით, იმაზე გაბრაზდით, ვინც ერთ დღეს გეუბნებათ მწვანეს მიაჭირეთო და მეორე დღეს [გეუბნებათ] წითელსო...".
ტურაშვილის გარდა, ბოლო დღეებში კოორდინირებული თავდასხმის სამიზნე არიან სხვა მწერლებიც.