საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მწერალ დათო ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას ამბობს, რომ ეს არის "ზიზღის კამპანიის" შედეგი. პარლამენტის თავმჯდომარემ დათო ტურაშვილის მდგომარეობის დამძიმებაზე პარლამენტში ისაუბრა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებით მწერლის წინააღმდეგ დაიწყო კამპანია.
"ძალიან სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფრის მიღება და ვუსურვებ, რომ მალე გამოჯანმრთელდეს და მოძლიერდეს. ამავე დროს რთულია არ დაინახო ის ფარისევლობა, ვინაიდან ის ტელევიზიაში გამოდიოდა, იმავე ტელევიზიაში, იმავე სტუდიაში ან გვერდით სტუდიაში, რაც თვეების განმავლობაში ხდება. სწორედ ეს გესლი, რომელიც ამ მედიიდან მოედინება", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან ტურაშვილზე საუბრის დროს თქვა, რომ იმავე სტუდიიდან სხვა ადამიანების მორალური განადგურების მცდელობაც ყოფილა.
"გაიხსენეთ თორნიკე შენგელიას ამბავი, გაიხსენეთ ხვიჩა კვარაცხელიას ამბავი, შემთხვევით იგივე სტუდიიდან ხომ არ მიდიოდა ამ ადამიანების მორალური განადგურების მცდელობა?! ეს ადამიანები, რომლებიც ამ გესლს საზოგადოებას აწვეთებენ და შხამის შეტანას ცდილობენ ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში - ეს ადამიანები რომ აღშფოთდებიან ხოლმე. აი, ეს არის ყველაზე დიდი ფარისევლობა. ადამიანები, რომლებიც სხვას მორალურად ანადგურებენ, შემდეგ წუხან ხოლმე სხვა ადამიანებზე", - უთხრა მან ჟურნალისტებს.
გუშინ, 19 მარტს, დათო ტურაშვილი კლინიკაში ტელეკომპანია "ფორმულის" ეთერში საუბრის შემდეგ გადაიყვანეს - მან რუბრიკაში "ტურიკას წიგნები" მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე გაამახვილა ყურადღება. მწერალმა თქვა, რომ ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც ე.წ. აგენტების კანონი გააპროტესტა.
"3 დღეა ამაზე ვფიქრობ, რა დავაშავე. არაფერი არ დამიშავებია, სიყვარულის გარდა და მივხვდი, რომ მაგიტომ მსჯიან. სხვათა შორის, რომ შემოვიდნენ რუსები მე-19 საუკუნეში, პირველი, ვისაც ებრძოდნენ, იყვნენ მწერლები. იმიტომ აგვიკრძალეს ქართულად ლაპარაკი. 20-იან და 30-იან წლებში პირველი ვინც დახოცეს, იყვნენ მწერლები. იმიტომ, რომ ზუსტად ასეთი კანონი იყო. ტიციან ტაბიძე სად არის, ახლაც არ ვიცით, რა მუხლით დაიჭირეს, იცით?! საფრანგეთის აგენტობის! ამ კანონპროექტში გარკვევით წერია, რომ აგენტის მხილება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. ეს იცით რას ნიშნავს?! დამსმენები, ჩამშვებები და "ნასედკები" დავაბრუნოთო. ჩემზე კი ნუ ბრაზდებით, იმაზე გაბრაზდით, ვინც ერთ დღეს გეუბნებათ მწვანეს მიაჭირეთო და მეორე დღეს [გეუბნებათ] წითელსო..." - თქვა მან "ფორმულაზე".
ე.წ. აგენტების კანონპროექტის პირველი მოსმენის მიღების დღეს, 7 მარტს, ამერიკის საელჩომ თქვა, რომ ეს იყო "საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღე", ათასობით ადამიანი კი პარლამენტთან შეიკრიბა. პროტესტის ფონზე, ორ დღეში, მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება შეცვალა და კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ განაცხადა - მეორე მოსმენაზე კანონპროექტი ჩავარდა. ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ინიციირება დროში დაემთხვა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს - ევროკავშირის ქვეყნების ელჩები აღნიშნულ კანონპროექტს ამ პროცესის შემაფერხებლად აფასებდნენ.