"რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს", - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა. მანვე დაამატა, რომ ასეთი ქცევა მიუღებელია, "ვინც არ უნდა იყოს ის". პარლამენტის სპიკერი დროშის ჩამოხსნას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა.
ჟურნალისტის კითხვას, ისიც გეგმავს თუ არა [2021 წლის 5 ივლისის შემთხვევა - რ.თ.] თავისი წინამორბედის, კახა კუჭავას მსგავსად, დემონსტრაციულად, პირადად დააბრუნოს უკან დროშა, პაპუაშვილი ასე პასუხობს: "დროშა სათანადო პატივით დაბრუნდება თავის ადგილზე. რაც შეეხება ლოზუნგების მოყვარულ დეპუტატებს, რომლებიც მოგვიწოდებენ სხვადასხვა სიმბოლიზმისკენ, არ ვიცი, არასერიოზული მიდგომაა. როდესაც პარლამენტის შენობის ფანჯრები იმსხვრეოდა, მაშინ უნდა ეფიქრათ ევროპაზე. თუკი ევროპაზე საუბრობენ, ევროპის დროშა მათ გულში უნდა ფრიალებდეს და მათი ქცევა უნდა იყოს ევროპული".
პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის გამო შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება [კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლი] უკვე დაიწყო. უწყებაში ამბობენ, რომ სამართალდამრღვევ პირებს დააჯარიმებენ.
პარლამენტის წინ აქცია გამართეს ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია "კონსერვატიული მოძრობის" წარმომადგენლებმა. მათ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და სანაცვლოდ საქართველოს დროშა დაკიდეს, რასაც თავდაპირველად ხელს უშლიდა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. მათ მედიაორგანიზაცია "ალტ-ინფოს" ერთ-ერთი ხელმძღვანელი ზურაბ მახარაძე ტერიტორიას დროებით განარიდეს.
ამის შემდეგ პარლამენტის წინ შეკრებილებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს.
ასევე ნახეთ პარლამენტის წინ, "ალტ-ინფოს" აქციაზე ევროკავშირის დროშა ჩამოხსნესძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა 2021 წლის 5 ივლისსაც ჩამოგლიჯეს და დემონსტრაციულად დაწვეს. პარლამენტის მაშინდელმა სპიკერმა კახა კუჭავამ დროშა, ასევე დემონსტრაციულად, უკან დააბრუნა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს კი ერთი პუნქტი დაემატა.
ევროკავშირის, ნატოს და საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის მქონე ქვეყნის სიმბოლოების შებღალვა დასჯადი 2022 წლის იანვრიდან გახდა, ამისთვის 1000-ლარიანი, განმეორებით კი 2000-ლარიანი ჯარიმა ან 15-დღიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.
ასევე ნახეთ პარლამენტთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის გამო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყოადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, მუხლ 17418-ში ჩაიწერა, რომ ადმინისტრაციული წესით ისჯება საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროკავშირის, NATO-ს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, ასევე საქართველოსთან დიპლომატიურ ურთიერთობაში მყოფი ქვეყნის დროშის ან გერბის შებღალვა.