პესკოვმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებში "ხილული ხელი" შეამჩნია

დმიტრი პესკოვი, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი ჰესკოვმა საქართველოში უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენები შეაფასა, კერძოდ, ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით პროვოკაციების რისკზე.

„პროვოკაციების რისკი, რა თქმა უნდა, არის“, - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა შესაბამისი კითხვის პასუხად.

პესკოვი ამბობს, რომ „ვიღაცის ხილული ხელი“ ცდილობს, საქართველოში არსებულ ვითარებას ანტირუსული ელემენტები შემატოს.

„სიტუაცია, რამაც ეს სახალხო მღელვარება გამოიწვია, არანაირ კავშირში არ არის რუსეთის ფედერაციასთან. ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ, რომ ვიღაცის ხელი, ვერ ვიტყვით "უხილავი", ის საკმაოდ ხილულია, ვხედავთ, საიდან მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი თავის ხალხს. ის არ მიმართავს ქართველ კაცებსა და ქალებს საქართველოდან, ის მიმართავს ამერიკიდან. და ვიღაცის თვალსაჩინო ხელი მონდომებით ცდილობს აქ ანტირუსული ელემენტების დამატებას“, - თქვა პესკოვმა.

ასევე ნახეთ მარგარიტა სიმონიანი: თუ 2008 წელი განმეორდება, "თბილისს ეგრევე გლიჯავენ"

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი არ ერევა საქართველოს შიდაპოლიტიკურ საკითხებში და დასძინა, რომ კრემლში მხოლოდ საქართველოს კანონმდებლების გადაწყვეტილებას ხედავენ, მოხსნან პროტესტის გამომწვევი კანონპროექტი.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში ქალთა მდგომარეობის შესახებ გაეროს კომისიის 67-ე სესიაზე დასასწრებად იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით დაამტკიცა, მან დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა და მოსახლეობას მიმართა. პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა აქციის მონაწილეებს, რომლებიც აპროტესტებდნენ მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომელსაც მხარს უჭერდა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“.

10 მარტს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო.