რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეებს ურჩია, თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან. სამინისტროს ვებსაიტზე 9 მარტს, საღამოს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში რეკომენდაციის მიზეზი დასახელებული არ არის. სავარაუდოა, რომ გაფრთხილება უკავშირდება ე.წ. უცხოეთის აგენტების „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლებს.
რუსეთი იმ მოქალაქეებს, რომლებიც უკვე საქართველოში იმყოფებიან, ურჩევს, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებს თბილისის და ბათუმის ისტორიულ ცენტრებში.
რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს განცხადებით, დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში, „ორგანიზებული ტურისტებისთვის“ მუშაობს ასოციაცია „ტურპომოშჩის" ტელეფონი, ხოლო ტურისტებს, რომლებიც ინდივიდუალურად მოგზაურობენ, შეუძლიათ მიმართონ საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებულ რუსეთის ინტერესთა სექციას. მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა, ორ ქვეყანას შორის შუამავლის ფუნქციას შვეიცარია ასრულებს.
ასევე ნახეთ რუსეთი სავიზო რეჟიმის გამარტივება-გაუქმებას გეგმავს 17 ქვეყანასთან - საქართველო მათ შორის არ არის- საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
- 2012 წლის დასაწყისში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
- 2019 წლის ივლისიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.
- 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის და განსაკუთრებით, პუტინის მიერ გამოცხადებული "ნაწილობრივი მობილიზაციის" შემდეგ, საქართველოს თავი შეაფარა რუსეთის ათეულობით ათასმა მოქალაქემ.