ჩვენ დაკავებულები არ ვიყავით, ჩვენ ვიყავით გატაცებულები - ჯაფარიძისა და მოსიაშვილის სხდომა გადაიდო

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 10 მარტისთვის გადადო პარლამენტთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო სხდომა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, სხდომის გადადების მიზეზად დასახელდა სამედიცინო გამოკვლევა, რომელიც დაკავებულებს ესაჭიროებათ.

ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, მათ სამედიცინო გამოკვლევები, სავარაუდოდ, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში ჩაუტარდებათ.

სასამართლოს დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან კომენტარში გაიხსენა თავისი და ნიკა მოსიაშვილის დაკავების პროცესი 7 მარტის ღამეს: „ჩვენ არ დავუკავებივართ, ჩვენ გაგვიტაცეს“, - ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძე

„სასწრაფო სამედიცინო სამსახური იყო მოსული და დაადგინეს, რომ საავადმყოფოში გადაყვანას ვექვემდებარებით, რადგან, შესაძლოა, გვქონდეს თავის ტვინის დაზიანებები. ეს არ არის ჩემი და მოსიაშვილის დაკავების საქმე. ეს არის ჩვენი გატაცების საქმე. ჩვენ ვიყავით აქციაზე, არავისთვის არანაირი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია, პირიქით, იქ დაიწყეს ბავშვების ცემა და კადრებშიც ჩანს, რომ ზურგით ვდგები სპეცრაზმთან, რომ ბავშვებს გადავეფარო და მაგ დროს გადამათრიეს უკან. თან მიმათრევდნენ და თან მირტყამდა 5-6 ადამიანი. მას შემდეგ, რაც 9 აპრილის ქუჩაზე შემათრიეს ჭიშკრის შიგნით, გააგრძელეს ჩემი ცემა ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით, მათ შორის, თავზე ნაჭდევი რაც მაქვს, ხელკეტისგან მაქვს. ამის შემდეგ შიგნით გავაგრძელე საუბარი, პოლიციელებს ველაპარაკებოდი, რის შემდეგაც უკვე ფეხზე დამდგარი გვცემეს, ყბებში გვირტყამდნენ. ყველას ეკეთა ნიღბები, ესენი იყვნენ სპეცდანიშნულების თანამშრომლები... ჩვენ ანგარიში გაგვისწორეს. ამის შემდეგ საათი დავყავით იმ ეზოში. ვიყავით ჩუმად, რადგან ლაპარაკისას გვცემდნენ. ვიდექით და ველოდებოდით, როგორ გეგმავდნენ რუსთაველის გაწმენდას“.

ზურაბ ჯაფარაძის თქმით, მოსამართლეს სხდომის გადადება არ უნდოდა.

„მოსამართლე აშკარად იყო ანგაჟირებული. თავი მოიკლა, არ უნდოდა გადადება. მათ შორის, სასამართლოს ექიმმა დაადასტურა, რომ მოსიაშვილს ჰქონდა მაღალი წნევა და აწუხებდა თავის ძლიერი ტკივილი. დაალევინეს წამალი, წნევამ არ დაუწია, მაგრამ ამის შემდეგ მაინც გააგრძელეს პროცესი. ამ ყველაფერს დაჭირდა სასწრაფოს მოსვლა და დადასტურება, რომ საჭიროა გამოკვლევა“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „7, 8 და 9 მარტს უწყების თანამშრომლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს მომხდარ სამართალდარღვევების ფაქტებზე, კერძოდ, პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, ერთი პირი დააკავეს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 133 პირია დაკავებული."

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

  • პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
  • "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
  • საზოგადოებრივი პროტესტისა და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე, 9 მარტს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.