მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ „უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევს” მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა განმარტებითი და გამაფრთხილებელი შინაარსის საჯარო პოსტები, რომ სინამდვილეში, არ არსებობს კანონპროექტის გაწვევის პროცედურა პირველი მოსმენის შემდეგ.
მაშ, რა უნდა მოხდეს ახლა?
რადიო თავისუფლებასთან საუბარში კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს პირველი მოსმენის შემდეგ ინიციატორთა მიერ კანონპროექტის გაწვევას - ეს მკაფიოდ წერია პარლამენტის რეგლამენტის 101-ე მუხლის მე-3 პუნქტში.
მაშ როგორ შეიძლება კანონის განხილვა დღის წესრიგიდან მოიხსნას?
ერთადერთი გზა არის კანონპროექტის არა საჯარო განცხადებით გაწვევა, არამედ პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე გატანა და მის წინააღმდეგ ხმის მიცემა - „ჩაგდება“, ანუ ვინც ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტს 7 მარტს დაუჭირა მხარი, ახლა ხმა მის წინააღმდეგ უნდა მისცეს.
„აი, ეს იქნება უპირობო გაწვევა და კანონპროექტის განხილვის დასრულება“, - გვეუბნება ლევან ალაფიშვილი.
თუ საკანონმდებლო პროცესი კენჭისყრებით არ გაჩერდა და მხოლოდ საჯარო განცხადება დარჩა, მმართველი პარტიისთვის ეს მხოლოდ დროის მოგების პროცესად შესაძლოა იქცეს და, როგორც კონსტიტუციონალისტი გვეუბნება, საგაზაფხულო სესიაზე, „ქართული ოცნება“ შეძლებს მეორე და მესამე მოსმენით ეს კანონპროექტი კანონად აქციოს.
თუმცა, მეორე მხრივ, მმართველ გუნდს ახლავე შეუძლია რიგგარეშე სხდომის მოწვევა და ამ პროცესის ერთ დღეში დასრულება.
თუ კანონპროექტი ჩავარდა, მას პარლამენტი ხელახლა ვეღარ მიუბრუნდება.
ლევან ალაფიშვილი ასევე ამბობს, რომ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი ორივე კანონპროექტი უკან უნდა გამოიწვიონ.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდეც აზუსტებს, როგორ უნდა მოიქცეს ახლა მმართველი გუნდი:
მათ კანონპროექტის პირველი ვარიანტი სასწრაფოდ უნდა გაიტანონ მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდონ, ოღონდ, ამ დღიდან ერთი თვის განმავლობაში მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, რადგან მეორე მოსმენით ერთხელ ჩაგდებული პროექტის შემობრუნებაც შეუძლიათ.
კანონპროექტის მეორე ვარიანტის (ე.წ. ამერიკული ვერსიის) ყველა ინიციატორმა კი ხელი უნდა მოაწეროს მის გაწვევას.
„უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და "ხალხის ძალამ" საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე“, - წერს მენაბდე.
იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, იურისტი დავით ჯანდიერი ეჭვობს, რომ „ქართული ოცნების“ განცხადება, შესაძლოა, დროის მოგებას ისახავდეს მიზნად და გამორიცხული არ არის, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მაგალითად, აგვისტოში, როცა დედაქალაქის მოსახლეობა გასულია, ისევ შეიკრიბონ.
„მით უმეტეს, რომ ამ განცხადებიდან ჩანს, რომ ისინი არ ამბობენ საბოლოო უარს ამ კანონპროექტის მიღებაზე“.
თუ მმართველი ძალა ნამდვილად გეგმავს დანაპირების შესრულებას, ამბობს დავით ჯანდიერი, მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ დღესვე უნდა დანიშნოს საკომიტეტო მოსმენა, გაიტანონ კანონპროექტი მეორე მოსმენით და ჩააგდონ ის.
„ამით ნება იქნება გამოხატული. ჩვენ სწორედ ეს გვჭირდება - ნების დადასტურება, თორემ ასეთი საჯარო განცხადება საკმარისი არ არის. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ მოატყუეს მათ ხალხი პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, ამიტომ აქ მთავარი ნდობის საკითხია“, - უთხრა დავით ჯანდიერმა რადიო თავისუფლებას.
9 მარტს, დილით ცნობილი გახდა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება, გაიწვიოს პირველი მოსმენით უკვე მიღებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს „კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკური პროცესების“ გამო, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული კონსულტაციის შედეგად.
"ქართული ოცნება" მიიჩნევს, რომ „სიცრუის მანქანამ შეძლო კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა“, კანონპროექტს „მიაკერეს რუსული კანონის ყალბი იარლიყი“ და პირველი მოსმენით მისი მიღება „საზოგადოების ნაწილის თვალში ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინეს“, ხოლო "რადიკალურმა ძალებმა შეძლეს ახალგაზრდების ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში ჩაეთრიათ".
თუმცა, ამავე განცხადებაში წერია ისიც, რომ როცა „ემოციური ფონი ჩაცხრება“, საზოგადოებას უკეთ განუმარტავენ, „რას ემსახურებოდა კანონპროექტი და რატომ იყო მნიშვნელოვანი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში“.
თუ კანონპროექტს გაიწვევენ, მაშინ რა საჭიროა დამატებითი ახსნა-განმარტება საზოგადოებისათვის? ვკითხეთ "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორს, გურამ იმნაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ შესაძლოა, მათ სურდეთ პოსტ ფაქტუმ ახსნა, რისი მიღწევა სურდათ ამ კანონის მიღებით, თუმცა ეს მაინც ტოვებს იმის განცდას, რომ მათ ბოლომდე არა აქვთ გააზრებული ამ კანონპროექტების დამაზიანებელი ეფექტი.
საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.
- პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისა და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
- "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობასა და საზოგადოების ინფორმირებას.
- 7 და 8 მარტს და 9 მარტს გამთენიისას, პოლიციამ საპროტესტო აქციები ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშალა. შსს-ს თანახმად, რომელიც აცხადებს, რომ აქციების მონაწილეები გავიდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებიდან და ძალადობას მიმართეს, სულ დაკავებულია 133 პირი.
- საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტზე უარისკენ მოუწოდებდნენ აშშ, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.