არაღიარებული დნესტრისპირეთის „უშიშროების სამინისტრო“ აცხადებს, რომ აღკვეთა თანამდებობის პირთა მიმართ ჩაფიქრებული ტერაქტი, რომელსაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური გეგმავდა.
„ეს დანაშაული, უკრაინის უშიშროების სამსახურის დავალებით, მოლდოვის დნესტრისპირეთის რესპუბლიკის არაერთი თანამდებობის პირის წინააღმდეგ მზადდებოდა. ეჭვმიტანილები დააკავეს. ისინი აღიარებით ჩვენებებს იძლევიან", - ნათქვამია "დნესტრისპირეთის უშიშროების სამსახურის“ მოხსენებაში.
დნესტრისპირეთის ტელეკომპანია „პირველ არხთან“ ინტერვიუში სეპარატისტული რესპუბლიკის პროკურორმა ანატოლი გურეცკიმ განაცხადა, რომ ტერაქტის მიზანში „სახელმწიფო პირველი პირები“ იყვნენ.
„ტერორისტული აქტი ქალაქ ტირასპოლის ცენტრალურ ნაწილში მოქალაქეთა დიდი თავშეყრის დროს უნდა განხორციელებულიყო", - განაცხადა გურეცკიმ.
როგორც რადიო თავისუფლების მოლდავური სამსახური იუწყება, დაგეგმილი ტერაქტის სხვა დეტალებზე საუბარი იქნება საგამოძიებო-დოკუმენტურ ფილმში, რომელსაც დნესტრისპირეთის ტელევიზია ხუთშაბათს საღამოს უჩვენებს.
23 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს უკრაინა „შეიარაღებულ პროვოკაციას“ გეგმავს მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის წინააღმდეგ.
მოლდოვისა და უკრაინის ხელისუფლებებმა რუსეთის მხარის ეს ცნობა უარყვეს.
ასევე ნახეთ
მოლდოვა უარყოფს რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინა დნესტრისპირეთზე თავდასხმას აპირებს1990-ინი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად კიშინიოვი ვერ აკონტროლებს დნესტრისპირეთის რეგიონს.
მოლდოვის დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში 90-იანი წლებიდან დისლოცირებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების შენაერთი. მოლდოვის ხელისუფლება უშედეგოდ მოითხოვს რეგიონიდან რუსული კონტინგენტის გაყვანას.