ევროპარლამენტარები რასა იუკნევიჩიენე და მარკეტა გრეგოროვა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უარი თქვას ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღებაზე.
ლიეტუველმა დეპუტატმა, "ევროპის სახალხო პარტიის" ჯგუფის წარმომადგენელმა რასა იუკნევჩიენემ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ საქართველო ევროპას ეკუთვნის და ამ კანონის მიღება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური გზის გაგრძელებას.
ევროპარლამენტარი მოუწოდებს საქართველოში ყველა პასუხისმგებლობიან პოლიტიკოსს, განსაკუთრებით მმართველი პარტიიდან, მოუსმინონ თავიანთ ხალხს და ნუ მოახდენენ საკუთარი ქვეყნის მომავლის საბოტაჟს.
Georgia belongs in Europe.Foreign Agent Law proposal jeopardizes the continuation of 🇬🇪’s EuroAtlantic path. My appeal to all responsible politicians in Georgia - especially from the ruling party - please listen to your people. Do not sabotage your country’s future.@EPPGroup
— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) March 7, 2023
ჩეხი ევროპარლამენტარი, ფრაქცია „მწვანეები-ევროპის თავისუფალი ალიანსის“ წევრი მარკეტა გრეგოროვა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, შეაჩეროს ეს სიგიჟე და „უცხოეთის აგენტების“ კანონის განხილვა. გრეგოროვამ ტვიტერზე დაწერა, რომ ტაშს უკრავს მამაც ხალხს.
ევროპარლამენტის დეპუტატის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან იყო ბევრი სიტყვიერი თავდასხმა მისი პარტიის პოპულარობის შესახებ, რომელსაც 40% არ აქვს. გრეგოროვა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს მიმართავს, რომ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი არასდროს გამოუყენებიათ.
I received a lot of verbal attacks from @GeorgianDream41 rep. about the popularity of my party, not having 40 %. Well let me tell you, @GharibashviliGe, we never used water cannons against our citizens. Stop this madness, stop #ForeignAgentsLaw. I applaude these brave people. 👏 https://t.co/Zr3SIY00Bx
— Markétka Gregorová 🦄 (@MarketkaG) March 7, 2023
- 7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო "ხალხის ძალის" წარმომადგენელთა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ. ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული.
- პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ აშშ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
- კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება პარლამენტთან გააპროტესტა ათასობით ადამიანმა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს.
- დაკავებულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. მათ შორისაა პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
- "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებს განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას აპირებს.
დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქცია გაგრძელდება.