იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესაფასებლად პოლონელი ექიმების ჩამოყვანაზე მათთვის არავის მიუმართავს. მისივე თქმით, უცხოელი ექიმის ჩამოყვანა მათი შეთავაზება იყო და ისევ ძალაშია.
"ჩვენ თვითონ შევთავაზეთ რამდენიმე თვის უკან, რომ მათ შეეძლოთ ჩამოეყვანათ ნებისმიერი ექიმი ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან. ჩვენ ამ შეთავაზებაზე პასუხი არ მიგვიღია. ჩვენი შეთავაზება რამდენიმე თვის წინ გაკეთდა და ისევ ძალაშია", - თქვა იუსტიციის მინისტრმა. ჟურნალისტებმა ეს კითხვა მას საერთაშორისო კონფერენციის, "ქალები პოლიციაში" დასრულების შემდეგ დაუსვეს.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად პოლონელი ექიმების ჩამოსვლაზე ექსპრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თქვა.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს იუსტიციის სამინისტროში მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან, გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ მინისტრს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის სახელით დემარში გადასცასაქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია" - ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა, გაუმჯობესების ნაცვლად, სულ უფრო მძიმდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი განხილვის შემდეგ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გაეთავისუფლებინათ ან გადაევადებინათ სასჯელი და საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა მისცემოდა.