"ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები", "უსამშობლო მოღალატეები" - თბილისში ახალი პლაკატები გამოჩნდა

პლაკატები წარწერით "ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები". მათზე გამოსახული არიან ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები

თბილისში, რამდენიმე ადგილას გამოჩნდა ახალი პლაკატები, რომლებიც ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის კონკრეტული წარმომადგენლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. "უსამშობლო მოღალატეები", "ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები" - წერია პლაკატებზე, რომლებზეც გამოსახული არიან სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, დეპუტატები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია, ასევე ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი, პოლიტოლოგი გია ნოდია, აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია და სხვა პირები.

პლაკატები პარტია "დროას" ოფისის კარზე

დღეს პარლამენტში განახლდება საკომიტეტო განხილვა "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ კანონპროექტებისა, რომლების ინიციატორიცაა მმართველი პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების გაერთიანება "ხალხის ძალა."

მოქალაქეები პარლამენტში განხილვის პარალელურად რუსთაველზე აქციას გეგმავენ.

ასევე ნახეთ საქართველოს პარლამენტში "დაშვების შეზღუდული რეჟიმია"

ამ კანონპროექტების წინა განხილვაზე უმრავლესობის დეპუტატები "ეკლესიის მაგინებლებს" ეძახდნენ ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ "უცხო ქვეყნის აგენტების" კანონპროექტები რუსულია.

ასევე ნახეთ რატომ გეხება კანონი ე.წ. აგენტების შესახებ შენ, შენს ოჯახის წევრს