უკრაინის პროკურატურა რუსი სამხედროების მხრიდან უკრაინელებზე სექსუალური ძალადობის 171 შემთხვევას იძიებს. მსხვერპლთა შორის არიან ქალები, კაცები და ბავშვებიც - ომის დროს რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლაც ესწრებოდა.
"მსხვერპლთა შორის არ არიან მხოლოდ ქალები. მათგან 39 მამაკაცია, ხოლო 13 არასრულწლოვანი. ჩვენ ამ შემთხვევებზე მხოლოდ იმის წყალობით შევიტყვეთ, რომ ამ ადამიანებმა იპოვეს საკუთარი ტკივილის გახმოვანების ძალა. კიდევ რამდენი იტანჯება ჩუმად და მათი ხმა ჩვენამდე არ მოდის, განსაკუთრებით ოკუპირებულ რეგიონებში" - აღნიშნა ოლენა ზელენსკამ.
უკრაინის პირველი ლედის თქმით, სექსუალური ძალადობა რუსეთის მიზანმიმართული იარაღია უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რათა ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გატეხოს ისინი.