“ბელარუსში ცხოვრება” არ უნდა მოსამართლეს, რომელმაც 2 მარტის აქციის მონაწილე დააჯარიმა

იმედა კლდიაშვილის სასამართლო პროცესი

მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი ფიქრობს, რომ აქციაზე "მონის" დაძახება შეიძლება ჯდებოდეს გამოხატვის თავისუფლებაში. თუმცა მან 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა მოქალაქეს პოლიციელისთვის ხელის შეშლისთვის, რომელიც ცდილობდა პარლამენტის დეპუტატისთვის "მონის" დაძახების გამო დაეკავებინა აქციის მონაწილე.

3 მარტის სხდომაზე სამართალდამცავის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული იმედა კლდიაშვილი ცდილობდა მოსამართლისთვის აეხსნა, რომ თუკი პოლიციელი უკანონოდ აკავებს მოქალაქეს, ადამიანს უფლება აქვს ხელი შეუშალოს უკანონობის ჩადენაში. ის ერთ-ერთია იმ 36 ადამიანს შორის, რომლებიც პოლიციამ პარლამენტის წინ დააკავა.

2 მარტს პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტის სხდომაზე განიხილებოდა საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტები, რომლითაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისგან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები "უცხოური გავლენის აგენტთა" რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ. პარლამენტთან შეკრებული ხალხი ამ კანონპროექტის შინაარსს აპროტესტებდა, მას "რუსულ კანონს" უწოდებდა და პარლამენტის დეპუტატებს, ვინც ამ დოკუმენტს მხარს უჭერდა, "მონად" მოიხსენიებდა.

ასევე ნახეთ პოლიციელის თქმით, არ უნდა შეეწინააღმდეგონ, თუნდაც არაკანონიერად აპატიმრებდნენ ვინმეს

36 ადამიანიდან ეს პირველი დაკავებულია, რომელსაც მოსამართლემ ჯარიმა დააკისრა. დაჯარიმების შემდეგ მოსამართლემ გადაწყვიტა მიზეზი აეხსნა იმედა კლდიაშვილისთვის.

ფრაგმენტი სასამართლო სხდომიდან:

მოსამართლე: ბატონო იმედა, "მონასთან" დაკავშირებით შეიძლება განმარტება გაკეთდეს იმ საქმეზე, ვისაც თქვენ გადაეფარეთ. აქ ჩვენ განვიხილავდით წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს.

იმედა კლდიაშვილი: ანუ თქვენ თვლით, ბატონო მოსამართლე, რომ "მონის" გამო ადამიანი არ უნდა დავიჭიროთ? გავიგე, რომ ჩემი ქმედება, ხელი რომ შევუშალე, ეგ ყოფილა დანაშაული, მაგრამ "მონა" არ არის დანაშაული, თქვენი აზრით?

მოსამართლე: ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ "მონის" გამო ცდილობდით [წინააღმდეგობის გაწევას]...

იმედა კლდიაშვილი: თქვენი პოზიცია მაინტერესებს, მე როცა შევხედავ პოლიციას, რომელიც სჩადის დანაშაულს, როგორც მოქალაქეს, შემიძლია წინააღმდეგობა გავუწიო? თუ ცალსახად ვხედავ, რომ დანაშაულია...

მოსამართლე: და თქვენც სამართალდარღვევა ჩაიდინოთ ამის გამო?

იმედა კლდიაშვილი: სამართალდარღვევა მე არ ჩამიდენია.

მოსამართლე: კარგით...

იმედა კლდიაშვილი: ამ კითხვაზე მიპასუხეთ...

მოსამართლე: რაზე უნდა გიპასუხოთ?

იმედა კლდიაშვილი: თქვენ ხომ ბრძანეთ, რასაც მე ვეწინააღმდეგებოდი, თუ ის არ არის დანაშაული და ტყუილად აკავებენ მოქალაქეს, სხვა მოქალაქეს შეუძლია თუ არა შეეწინააღმდეგოს ამ არასწორ დაკავებას?

მოსამართლე: მხოლოდ მონას უძახდა?

იმედა კლდიაშვილი: კი. სიჩუმე იყო. ამ ბიჭმა, ძალიან სიჩუმეა, მოდი, "გავახუროთო" და "მონებო, გამოდითო". ეგ იყო.

მოსამართლე: თქვენ აღნიშნეთ, რომ პიკეტირებასაც ახორციელებდით.

იმედა კლდიაშვილი: არა, კაცო. იმაზე [ტროტუარზე] ვიყავით.

პოლიციელი: მაღალზე იყვნენ.

იმედა კლდიაშვილი: ეს ბიჭი დააავეს და მეც დამაკავეს ტროტუარზე. ტროტუარზე ვიდექით, გზა თავისუფალი იყო, ყველა მიდიოდა და მოდიოდა. ოღონდ შეძახილების ფონზე მოუწევდათ გავლა. ეგ იყო და ეგ. ხოდა, თუ არაფრის გამო იჭერთ ხალხს, მე მგონია, რომ მოქალაქეს აქვს შეწინააღმდეგების უფლება.

პოლიცელი: ფიზიკურად შეწინააღმდეგების უფლება... ხელის შეშლის უფლება არ გაქვთ. არის ზემდგომი ორგანოები, სადაც შეგიძლიათ მიმართოთ...

იმედა კლდიაშვილი: [პოლიცილებმა] ყბა ჩამიტეხეს, ეს საქმე ახლაც დევს და არავის გამოუძიებია. ვინ რას გამოიძიებს, კარგით, რა?!.

...

იმედა კლდიაშვილი: მგონია, რომ ფარსს ემსგავსება ეს ყველაფერი. ვერ გაუძელით, ბატონო ვალერიან, ამ წნეხს. კი, ბატონო, დააკავეთ ადამიანები "მონის" გამო და მერე დავრჩებით მართლა მონები. მგონი, ჩემი ტოლი ხართ. ხვალ შვილიშვილიც გამოვა იმ აქციაზე. ან ბალარუსში გინდათ ვიცხოვროთ, მართლა?

მოსამართლე: არავის არ გვინდა...

იმედა კლდიაშვილი: რასაც აკეთებენ, რაღა დარჩა?! ორი რაღაც არის დარჩენილი: არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური მედიები. სხვა ყველაფრით ხომ დავემსგავსეთ ბელარუსს?

მოსამართლე: ისე უნდა გამოხატოთ თქვენი პროტესტი, რომ საზოგადოებრივი...

იმედა კლდიაშვილი: ტროტუარზე დგას ბიჭი და იძახის "მონას". გზაზე არაა, ტროტუარზე დგას. მეტი მშვიდობიანი აქცია, ამიხსენით, როგორ გააკეთოს ახალგაზრდამ? ამიხსენით, რა შეიძლება იყოს უფრო მშვიდობიანი. არც ჯოხი უკავია...

...

მოსამართლე: თუ მხოლოდ მხოლოდ "მონას" ეძახდა და განხორციელდა იმ პიროვნების დაკავება - ხო შეფასდებოდა, მხოლოდ "მონას" ეძახდა, სხვა სამართალდარღვევას ჩადიოდა კიდე, ხო დადგინდებოდა?..

იმედა კლდიაშვილი: პატივცემული პოლიციელები იტყვიან, რომ იყო სხვა რამეც. ამ შემთხვევაში თქვენზეა, რომ მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ...

მოსამართლე: დაახლოებით მაგ სიტყვებზე წინა აქციებზე, მე მგონი, აქვს სასამართლოს გადაწყვეტილება და არ ჩათვალა სამართალდარღვევად. გამოხატვის თავისუფლებაში ჩაჯდა.

იმედა კლდიაშვილი: ეს ხალხი მაგის გამო იჭერს... თქვენ ამბობთ, რომ არა... ბატონი მოსამართლე ამბობს, რომ არის პრეცედენტები, რომ "მონის" დაძახების გამო არ უნდა დავიჭიროთ. ის ბიჭი დაიჭირეს მხოლოდ მაგის გამო.

ასევე ნახეთ 2 მარტის აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლეს - სასამართლო პროცესები გაგრძელდება

მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა უნდა განიხილოს 2 მარტს პარლამენტის შენობასთან დაკავებული აქციის სხვა მონაწილეების საქმეებიც. მათგან მინიმუმ რამდენიმე "მონის" დაძახების გამო არის დაკავებული.