ოპოზიციის ნაწილი ევროპული მომავლის გადარჩენის მიზნით გაერთიანების ინიციატივით გამოდის

ბრიფინგი "ლელოს" ოფისში. 3 მარტი, 2023 წელი

ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპული მომავლის გადარჩენის მიზნით გაერთიანების, საერთო მოძრაობისა თუ პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოდიან. ამას ეხებოდა პარტია "ლელოს" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება. პარტიაში სხდომა დღეს, 3 მარტს, გაიმართა.

"ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, "დღეს, როგორც არასდროს, გაერთიანების დროა."

  • "მინდა გითხრათ, რომ „ლელოს“ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეიქმნას ქართული საზოგადოების წინააღმდეგობის მოძრაობა, რათა არ დავუშვათ საქართველოს აცდენა მისი ისტორიული არჩევანიდან, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
  • მეორე - ამ მიზნით, „ლელო“ აქტიურ თანამშრომლობას იწყებს ქართულ საზოგადოებასთან, ყველა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც ამ ამოცანას იზიარებს.
  • მესამე - „ლელომ“ მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს პროდასავლური ძალების ყველა ინიციატივას და აქტივობას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ კანონის ჩაგდებას და ჯდება კონსტიტუციურ ჩარჩოებში.
  • მეოთხე - „ლელოს“ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს ინტენსიური მუშაობა პოლიტიკურ ჯგუფებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოქალაქეებთან და მედიასაშუალებებთან, რათა ყველა მოქმედების კოორდინირება მოხდეს.
  • მეხუთე - ვიწყებთ ინტენსიურ მუშაობას, რათა შეიქმნას ერთობლივი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, სადაც კონკრეტულად გავაჟღერებ მოთხოვნებს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ კანონპროექტს დაუჭერს მხარს, იქნას ძალიან მკაცრი სანქციების ქვეშ გატარებული", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ევროპული მომავლის გადარჩენის პლატფორმის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი. ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში ის სწორედ ამისკენ მოუწოდებს საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის "ლელოს", მოქალაქეებს", "სტრატეგია აღმაშენებელს", "ნაციონალურ მოძრაობას", "გირჩს", "საქართველოსთვის".

"ევროპული პერსპექტივის განადგურებისა და საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის გაფორმების ოცნებისეული მზაკვრული გეგმის ჩაშლა ახლა უმთავრესი სახელმწიფოებრივი ამოცანაა.

მოვუწოდებ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს, გამოვიჩინოთ შესაბამისი პასუხისმგებლობა და წინააღმდეგობების მიუხედავად, დაუყოვნებლივ შევქმნათ საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენის პლატფორმა. სწორედ ასე შევძლებთ საზოგადოების კონსოლიდაციას ამ სანუკვარი იდეის, ყველაზე დიდი საქმისა და სტრატეგიული მიზნის მიღწევას!"

საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში დაწყებულია "უცხო ქვეყნის აგენტების" შესახებ კანონპროექტების განხილვა, რომლებიც ინიციირებულია საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის, "ხალხის ძალის" მიერ. უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს ორივე დოკუმენტს, რომლებიც პარლამენტში დარეგისტრირდა. პარლამენტი გეგმავს პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტები შესაფასებლად ვენეციის კომისიას გაუგზავნოს.

ასევე ნახეთ "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ ორივე კანონპროექტს "აგენტების" შესახებ ორმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

გუშინ, 2 მარტს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე პროტესტის მიუხედავად, მხარი დაუჭირეს მმართველი პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი დეპუტატების მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ.“

კანონპროექტებს შემდეგი, იურიდიული კომიტეტი, 6 მარტს განიხილავს.