ევროკავშირის წევრობის განაცხადის წარდგენიდან 1 წელი გავიდა - ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის ოფიციალური განაცხადი წარადგინა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2022 წლის 3 მარტს „ისტორიულ დღეს“ უწოდებს. დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ მას წილად ხვდა გამორჩეული პატივი, ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომელიც „ქართველთა მრავალი თაობის ოცნებას“ და „ხალხის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას განასახიერებს“.

პრემიერ-მინისტრის თანახმად, ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებამ ქვეყანა უფრო მეტად მიუახლოვა თავისუფალ ერთა ევროპული ოჯახის წევრობას. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გასულ ერთ წელში ხელისუფლებამ ძალისხმევა კიდევ უფრო გაააქტიურა და გადადგა „ყველა ნაბიჯი ევროპული ცხოვრების წესთან და სტანდარტებთან, ინსტიტუციონალურ მოწყობასთან და კანონმდებლობასთან დასაახლოებლად, ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად“.

ღარიბაშვილის თანახმად, ამ პროცესში მუდამ გრძნობენ ხალხის მხარდაჭერას, რაც „ყველაზე ძლიერი სტიმულია“ მთავრობის და მთლიანად პოლიტიკური გუნდის ყოველდღიური საქმიანობისთვის. „მადლიერი ვართ ჩვენი ევროპელი მეგობრების, პარტნიორი ქვეყნების მთავრობებისა და ხალხის, ვინც ჩვენს გვერდით დგას ამ მიზნის რეალობად ქცევის გზაზე“, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

ასევე ნახეთ ღარიბაშვილი: საქართველო იმსახურებდა მეტს

ირაკლი ღარიბაშვილის თანახმად, „ევროკავშირის გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია“ და ყველაზე დიდ იმედს სწორედ ეს აძლევთ:

„მთელი თავისი ისტორიით, კულტურით, ღირებულებებით ევროპული ქვეყანა, დასავლური ცივილიზაციის ორგანული ნაწილი და მისი დიდი კულტურის თანაშემოქმედი, საქართველო საკუთარი დღევანდელობით, მასშტაბური რეფორმებით, განვითარების ტემპებითა და ხარისხითაც უდავოდ იმსახურებს სამართლიან აღიარებას. ღრმად მწამს, რომ ისტორიული პროცესი, რომელმაც ერთი წლის წინ შეუქცევადი ხასიათი მიიღო, მალე დაგვირგვინდება საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობით“.

  • საქართველომ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინეს. ცოტა ხნით ადრე, ეს გააკეთა უკრაინამ.
  • 2022 წლის ივნისში, ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა.
ასევე ნახეთ ევროკომისიის 12 მოთხოვნა მოკლედ - რა უნდა გააკეთოს საქართველომ, EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად

საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2023 წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. "ქართული ოცნების" ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს. ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ხელისუფლების ნაბიჯებს მხოლოდ ფასადურს უწოდებს.

"ქართული ოცნება" არაერთხელ დაადანაშაულეს, რომ მისი პოლიტიკა რეალურად ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციის გაცხადებულ მიზანს. ეს ბრალდება კიდევ უფრო გაამყარა ცოტა ხნის წინ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების, მოძრაობა "ხალხის ძალის" წარმომადგენელთა მიერ ინიციირებულმა კანონპროექტმა, რომელიც "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირებას ავალდებულებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებსაც უცხოური დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ.

ასევე ნახეთ შეუთავსებელია ევროკავშირის 12 პრიორიტეტთან - ჰერჩინსკი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე
ასევე ნახეთ ევროინტეგრაციისგან გადახრა - ქართველი და უცხოელი ექსპერტები "ხალხის ძალის" ინიციატივაზე