წეროვანში, დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საკითხზე.
„ერთ-ერთი, ასევ ვთქვათ, გამოკვეთილი არგუმენტი ჩვენი ქვეყნის, საქარველოს, რის გამოც ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებდით, ასე მოქცევა არ შეიძლებოდა და იყო უსამართლო, არის სწორედ, ის ფაქტები, რომლებიც მე ჩამოვთვალე: ჩვენი გაღებული სისხლი, ჩვენი ბრძოლა, ჩვენი ომი. ჩვენ 3-ჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღადგინა დამოუკიდებლობა“, - თქვა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი წარმატებას უსურვებს მოლდოვასა და უკრაინას.
„რა თქმა უნდა, მე არავის წარმატება არ მშურს, პირიქით, მიხარია უკრაინელების წარმატება, მოლდაველების და ყველასი, მაგრამ საქართველო იმსახურებდა მეტს. თუ ვინმე იმსახურებდა ამ სამ ქვეყანაში, ვიმსახურებთ ჩვენ. ჩვენ ამას მშვიდად უნდა შევხვდეთ და გავაგრძელოთ წინსვლა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს, 23 ივნისს, ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიცემის შესახებ.
17 ივნისს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რომელთა თანახმად, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეფასდეს ქვეყნის მიერ შესაბამისი პირობების შესრულება. ევროკომისიის რეკომენდაციებს თან ახლავს სამივე ქვეყნის მიერ შესასრულებელი პირობების ჩამონათვალი.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შესასრულებელ 12 პირობას შორისაა პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა, ინსტიტუტების გამართულად მუშაობა და მათი დამოუკიდებლობა, სასამართლოს რეალური დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ელიტური კორუფციის შემთხვევების ეფექტიანად გამოძიება, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედიაგარემო და ა.შ.
საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები მიიღებენ ბრიუსელში, 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე. რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 28 თებერვალს წარადგინა. 3 მარტს ეს გააკეთეს საქართველომ და მოლდოვამაც.