გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ იწყება კამპანია "მილიონი ხელმოწერა ევროკავშირისთვის"

24 თებერვლის საინიციატივო ჯგუფის წევრები

საინიციატივო ჯგუფი, რომლის ორგანიზებითაც 24 თებერვალს თბილისში, პარლამენტის წინ, უკრაინის სოლიდარობისა და ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი აქცია გაიმართა, მილიონი ხელმოწერის შეგროვებას აპირებს. ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ისაუბრა დღეს, 2 მარტს.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის - "ხალხის ძალის" - კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონია და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

"ერთადერთი გზა არის, რომ ჩვენ ჩვენი საერთო მანდატით, ქართველი ხალხის მანდატით, პირდაპირ დავიწყოთ საუბარი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან. ჩვენ დავიწყებთ კამპანიას მილიონი ხელმოწერის შეგროვებაზე და ეს მილიონი ხელმოწერა ჩავა ვაშინგტონსა, ევროპულ დედაქალაქებსა და ბრიუსელში. ამით მკაფიოდ გამოვხატავთ ქართველი ხალხის აზრს, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას, იმსახურებს ნატოს წევრობას და დგას ცივილიზებული სამყაროს გვერდით და ვერცერთი ხელისუფლება და პოლიტიკური დაჯგუფება, რაც არ უნდა მიბმული იყოს რუსეთთან, ვერ გადაგვაფიქრებინებს ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებას", - თქვა გიორგი ვაშაძემ.

ასევე ნახეთ პარლამენტში ორი კანონპროექტია "უცხოეთის აგენტებზე" - რას აპირებს მედია?

კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიციირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან", წასული, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა.

ასევე ნახეთ "ქართულ ოცნებას" ეშინია ევროპის, თავისუფლების - "სამოქალაქო იდეა" "ხალხის ძალის" კანონზე
ასევე ნახეთ NGO-ების "აგენტებად" მოხსენიება დისკრედიტაციის კამპანიის ლოგიკური გაგრძელებაა - IDFI "ხალხის ძალის" კანონპროექტზე

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ამავე სახელწოდების ბაზაში.

ასევე ნახეთ ვინ ჩაითვლება "უცხოური გავლენის აგენტად" - "ხალხის ძალის" კანონპროექტი
ასევე ნახეთ აშშ მკაცრად აკრიტიკებს საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური აგენტების" შესახებ

კანონპროექტის პარლამენტში დარეგისტრირებიდან რამდენიმე დღეში, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიასაშუალებების, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" თქვა, რომ დაარეგისტრირებდნენ ამ კანონპროექტის მეორე ვერსიასაც, რომელიც, მათი თქმით, ამერიკული კანონის ანალოგი იქნებოდა.

ასევე ნახეთ პარლამენტში "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" მეორე კანონპროექტიც დარეგისტრირდა
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობა მიიღებს "ხალხის ძალის" რომელიმე კანონპროექტს

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არის "რუსული კანონი, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავდროულად ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ".

ასევე ნახეთ ეს რუსული კანონია - დეგნანი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე