სერბეთისა და ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს რესპუბლიკის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს "ურთიერთობების ნორმალიზების გზის“ შესახებ ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ შეთანხმებას. ამის თაობაზე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა 27 თებერვალს ბრიუსელში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
მაგრამ, ბორელის თქმით, ეს მხოლოდ შეთანხმების შესრულების გაგრძელების სურვილია, რაც შემდგომ მოლაპარაკებებს მოითხოვს. ამავე დროს, სერბეთისა და კოსოვოს მხარეებმა პირობა დადეს, რომ არ მიიღებენ ისეთ ცალმხრივ ზომებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა და საფრთხე შეუქმნას შეთანხმების დადებას, აღნიშნა ბორელმა.
დოკუმენტი, რომელზეც სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები შეთანხმდნენ, 11 მუხლისგან შედგება. მასში, კერძოდ, ნათქვამია, რომ მხარეები შეთანხმდნენ "თანასწორობის საფუძველზე ერთმანეთთან ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებაზე", "აღიარონ ერთმანეთის დოკუმენტები (პასპორტები) და ეროვნული სიმბოლოები", "მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოაგვარებენ ერთმანეთთან ნებისმიერ დავას" და ერთმანეთის ხელს არ შეუშლიან ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სვლაში.
გარდა ამისა, შეთანხმების ტექსტში ნათქვამია, რომ სერბეთი არ ეწინააღმდეგება კოსოვოს წევრობას არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის გაეროში და ორივე მხარე "იღებს ვალდებულებას, შექმნან კონკრეტული მექანიზმები და გარანტიები, რათა უზრუნველყონ კოსოვოში სერბეთის თემისთვის თვითმმართველობის შესაბამისი დონე."
ევროკავშირის მიერ შემუშავებულ გეგმას ეწინააღმდეგება სერბეთის პრორუსული ოპოზიცია, რომელმაც ალიაქსანდრ ვუჩიჩს მოუწოდა, რომ არ მოაწეროს ხელი შეთანხმებას.
ასევე ნახეთ
სერბეთისა და კოსოვოს ლიდერები ბრიუსელში მართავენ მოლაპარაკებებს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის- სერბეთსა და კოსოვოს შორის დაძაბულობა გაღრმავდა გასული წლის ბოლოს, როცა ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრებმა ეთნიკურმა სერბებმა გზები გადაკეტეს სერბული წარმომავლობის ყოფილი პოლიციელის დაპატიმრების გამო.
- ბელგრადი არ აღიარებს 2008 წელს გამოცხადებულ კოსოვოს დამოუკიდებლობას. რესპუბლიკის ორი მილიონი მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური ალბანელია, სერბების რაოდენობა დაახლოებით 120 ათასს შეადგენს.