პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელით საქართველოს იუსტიციის მინისტრისთვის გადაცემულ ოფიციალურ დემარშს გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი. მისი თქმით, კარგი იქნებოდა, დემარშით ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას.
„როგორი ფორმით წარმოუდგენია - ხელისუფლებამ, მთავრობამ, იუსტიციის მინისტრმა რა ფორმით შეიძლება მიმართოს და რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს სასამართლოზე, როცა სასამართლო ფაქტობრივ ვითარებას იხილავს და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს. ამასთან დაკავშირებით, ალბათ, კიდევ დამატებითი კონსულტაციებია საჭირო, ვინაიდან პოზიცია, რომელიც გააჩნია სასამართლოს, ვფიქრობთ, რომ არის ობიექტური, სამართლიანი, სწორი.
კარგი იქნებოდა ამ დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა, ნებისმიერმა, ვინც ამ საკითხში ერკვევა, მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას, რომ თავი დაანებონ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის სტრატეგიას, მძევლად აიყვანეს სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობით სპეკულირებენ. ეს არის რეალობა და ამ რეალობას, ალბათ, სერიოზული განხილვა უნდა დაუპირისპიროს იგივე ევროკავშირმა, მისმა წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტარებმა და ვითარება რეალურად შეაფასონ", - განაცხადა ვოლსკიმ.
ასევე ნახეთ პაველ ჰერჩინსკიმ იუსტიციის მინისტრს სააკაშვილთან დაკავშირებით ევროკავშირის სახელით დემარში გადასცაევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ 27 თებერვალს იუსტიციის სამინისტროში მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან, გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში განაცხადა, რომ მინისტრს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული ოფიციალური დემარში გადასცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ასევე ნახეთ კონსილიუმის შეფასებით, სააკაშვილის სხეულის დაზიანება გამოიწვევს „ლეტალურ გამოსავალს მაღალი ალბათობით"ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მორავიეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთი მზად იყო სამკურნალოდ სააკაშვილის მისაღებად. მედიის ცნობით, პოლონეთის წინადადებას მხარი დაუჭირა ევროკავშირის ყველა ქვეყანამ, გარდა უნგრეთისა, თუმცა ევროპელი დიპლომატები აცხადებდნენ, რომ ყველაფერს აკეთებდნენ, რათა ბუდაპეშტი პოზიციის შეცვლაში დაერწმუნებინათ.
15 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლოს და მისცეს მკურნალობის უცხოეთში გაგრძელების შესაძლებლობა.
ევროპარლამენტარები მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. რეზოლუცია შეიცავს მოწოდებასაც "ოლიგარქ" ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე.
- 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.
- ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
- 2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გამო მსჯავრდადებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
- ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმეებიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით და 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის ძალის გამოყენებით დაშლის და ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრის ფაქტებზე.
- 2021 წლის 20 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ სააკაშვილს წაუყენა კიდევ ერთი ბრალი - სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთა. გამოძიების ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში.
- 2022 წლის მაისში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" გადაიყვანეს.
- სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ყალბი ბრალდებების საფუძველზე მისი დაპატიმრებით "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთის დაკვეთას ასრულებს.