უკრაინა გაზაფხულზე მზად იქნება სამხრეთისკენ შეტევის დასაწყებად - უკრაინის დაზვრევის მაღალჩინოსანი

ვადიმი სკიბიცკი, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე

უკრაინის არმია მზად იქნება გაზაფხულზე შეტევაზე გადასასვლელად, რომლის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი იქნება „სამხრეთ ფრონტის გარღვევა“, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც Deutsche Welle იუწყება სკიბიცკიმ ხაზი გაუსვა, რომ შეტევის დაწყების მომენტი დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე, მათ შორის დასავლეთიდან იარაღის მიწოდებაზე.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეტევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება რუსეთისა და ანექსირებული ყირიმის ტერიტორიას შორის კავშირის მოშლა, არ არის გამორიცხული იერიშების მიტანა რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, ბელგოროდის რეგიონში მებარე იარაღის საწყობებზე, საიდანაც უკრაინაზე თავდასხმები ხორციელდება.

უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობა რუსეთის ტერიტორიაზე შესაძლო იერიშებზე ოფიციალურად კომენტარს არ აკეთებენ. დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი განკუთვნილია უკრაინის ტერიტორიის განთავისუფლებისთვის, მაგრამ არა რუსეთის წინააღმდეგ მისსავე ტერიტორიაზე დარტყმებისთვის.

სკიბიცკი აცხადებს, რომ მომავალი შეტევის მიზანია "უკრაინის ყველა ოკუპირებული ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის გათავისუფლება" და 1991 წლის საზღვრების აღდგენა. მანამდე ეს სკიბიცკის უშუალო უფროსმა, გენერალმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

ასევე ნახეთ

ომის შედეგი იქნება ის, რომ უკრაინა დაიბრუნებს დონბასსა და ყირიმს - კირილ ბუდანოვი


ყირიმის შესაძლო სამხედრო გზით დაბრუნებაზე საუბარი, უკრაინის ხელმძღვანელობამ 2022 წლის თებერვალში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიწყო. ქვეყნის სუვერენიტეტის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში აღდგენას, კიევი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მთავარ პირობას უწოდებს.

ასევე ნახეთ

ზელენსკი: გამარჯვება გარდაუვალი იქნება, თუ საშინაო დავალებას ყველა შევასრულებთ