უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ წარადგინა სამშვიდობო გეგმა და მასში რაც შეიძლება მეტი ქვეყანა უნდა ჩაერთოს.
ზელენსკიმ პრესკონფერენცია გამოიყენა, რათა რუსეთის ხელისუფლებისთვის მიემართა, შეცვალოს კურსი: „გეთაყვა, პატივი ეცით ჩვენს უფლებას, ვიცხოვროთ ჩვენს მიწაზე. დატოვეთ ჩვენი ტერიტორია. შეწყვიტეთ ჩვენი დაბომბვა“, თქვა მან.
Sky News-ის ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა, როგორ ხედავს ის უკრაინის გამარჯვებას: ბრძოლის ველზე თუ მოლაპარაკების მაგიდასთან. უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ დიპლომატიური ნაბიჯები მხოლოდ რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ იქნება შესაძლებელი. მან აღნიშნა, რომ 20-ზე მეტმა ქვეყანამ უკვე გაზარდა თავდაცვის ბიუჯეტი და გააცნობიერა, რას შეიძლება ველოდოთ რუსეთისგან.
...„როგორ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან?“ - იკითხა ზელენსკიმ, „შეწყვიტეთ ჩვენი მკვლელობა, ჩვენი სამხედროების, მშვიდობიანი მოქალაქეების, ბავშვების, ძაღლების და კატების - და მაშინ ჩვენ ვისაუბრებთ დიპლომატიურად“.
უკრაინის პრეზიდენტი თვლის, რომ ყოველდღიურად საჭიროა მშვიდობისთვის ინვესტირება. „თუ ჩვენი პარტნიორები დაიცავენ დაპირებებს და ვადებს, ჩვენ გავიმარჯვებთ“, თქვა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე, რომელიც დაღუპულების ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით დაიწყო.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთი ნატოს ქვეყნებსაც მისწვდება, თუ აშშ უარს იტყვის უკრაინის დახმარებაზე.
„თუ ჩვენ ყველა შევასრულებთ საშინაო დავალებას, ყველა გავიმარჯვებთ“, - ფიქრობს უკრაინის პრეზიდენტი. მისი თქმით, გაეროს წევრი 141 ქვეყანა მიემხრო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას და ახლა საჭიროა იმ სახელმწიფოებთან მუშაობა, რომლებიც არ არიან აქტიურები.
უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციის დროს კიევის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ბუჩის მშვიდობიან მოსახლეობასთან რუსეთის არმიის ანგარიშსწორებას უწოდა უკრაინაში ომის შეჭრის შემდეგ ყველაზე საშინელი მომენტი და თქვა, რომ ეს იყო მისთვის ყველაზე საშინელი დღე. მან გაიხსენა ბუჩაში ნაპოვნი დახოცილი ადამიანები, რომელთაგან ზოგიერთს ხელები ჰქონდა ზურგს უკან შეკრული და მოითხოვა, რომ რუსეთი პასუხისგებაში მისცენ ომის დანაშაულისთვის. ომის საუკეთესო მომენტი, კერძოდ, „გამარჯვების დღე“ წინ არის, თქვა ზელენსკიმ კიევში 24 თებერვალს.
ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე, შეკითხვაზე, თუ რა იყო ყველაზე დიდი იმედგაცრუება ომის დაწყების შემდეგ, უპასუხა, რომ ბევრმა ადამიანმა დატოვა ქვეყანა ისე, რომ არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. „ამ ადამიანებმა გამიცრუეს იმედი“, თქვა მან.
ზელენსკის სურს შეხვედრების გამართვა სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის სახელმწიფოების ლიდერებთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია ინდოეთისა და ჩინეთის ჩართვა კიევის სამშვიდობო ფორმულაში.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მის ქვეყანას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. ზელენსკის თანახმად, ის იყურება წინ და თუ მსოფლიოს ტოტალური მხარდაჭერა იქნება, უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინის ტერიტორიაზე ომის დანაშაულის გამოსაძიებლად ტრიბუნალთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამაზე მიდის მუშაობა, მას ამაში მხარს უჭერენ ჰოლანდია და ბრიტანეთი, ასევე სხვა მოკავშირეები.
ზელენსკიმ გააკრიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობა, როგორიცაა „წითელი ჯვარი“ და ეუთო ჰუმანიტარულ მისიებთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდეც კი ვერ შეძლეს უკრაინის მოქალაქეების ადამიანის უფლებების სრულად დაცვა. ზელენსკის თქმით, „წითელ ჯვარს“ ჯერ კიდევ არ შეუძლია უკრაინელ სამხედრო ტყვეებთან წვდომა, ხოლო 120 ყირიმელი თათარი აქტივისტი პოლიტპატიმარია და რუსეთის ციხეებში იმყოფება. ზელენსკის თქმით, საერთაშორისო ჰუმანიტარული ინსტიტუტების უმრავლესობა პირველად შეხვდა ამ მასშტაბის აგრესიას და ომმა აჩვენა მათი სისუსტეები, ამიტომ ომის შემდეგ მათი რეფორმირება უნდა მოხდეს. ომი სინამდვილეში 2014 წელს დაიწყო და გამოააშკარავა უკვე არსებული საერთაშორისო ინსტიტუტების სუსტი ადგილები.
ის თვლის, რომ საჭიროა მშვიდობისთვის ახალი სტრუქტურების შექმნა. ჩინეთის მიერ წარმოდგენილი გეგმის გარშემო ზელენსკიმ თქვა, რომ ეს უფრო პეკინის მოსაზრებები იყო, ვიდრე გეგმა, მაგრამ „ჩინეთმა უკრაინაზე ლაპარაკი დაიწყო და ეს არ არის ცუდი“, - აღნიშნა ზელენსკიმ, „ვფიქრობ, ჩანს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და უშიშროების საკითხებისადმი პატივისცემა“, დასძინა მან. ზელენსკის თანახმად, ის გეგმავს ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან შეხვედრას, რაც, მისი თქმით, „სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნებისთვის და მსოფლიოში უსაფრთხოებისთვის".
უფრო ადრე, ზელენსკიმ გაიმეორა, რომ ის არ აპირებს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებას.
ზელენსკიმ აღიარა, რომ ხანდახან შეცდომებს უშვებს და განმარტა, რომ ეს ხდება, როცა დილიდან ღამემდე მუშაობს. მაგრამ, მისი თქმით, მან შეცდომები თავიდან უნდა აიცილოს: „მე კონსტიტუციის გარანტი ვარ“ , თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.