გელათში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გელათის საკითხზე გამართული შეხვედრა.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამართული შეხვედრის შემდეგ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს. „პირველი არხის“ ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საპატრიარქოს წარმომადგენლ​ები, არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები და პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე.

„ჩვენი დისკუსია დავაფუძნეთ იმ პრობლემებს, რომლის აღმოფხვრაც გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩემი მინისტრობისას ძალიან აქტიურად დაიწყო. შევთანხმდით შემდეგზე, რომ საქართველოს საპატრიარქო იზიარებს ჩემს ინიციატივას, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრის პროცესს, კონსერვაციის პროცესს და რესტავრაციის პროცესს, როცა ამის დრო დადგება, როგორც კედლის მხატვრობაზე, ასევე გადახურვაზე სრულად სათავეში ჩაუდგეს საქართველოს საპატრიარქო და სამინისტრო აღარ იყოს ამ პროცესში წამყვანი. სამინისტრო იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც თავად უნდა დაეხარჯა, გადასცემს საქართველოს საპატრიარქოს და ის ამ ფინანსური რესურსით შეძლებს, წარმართოს პრობლემების აღმოფხვრის პროცესი, როგორც ძირითადი ტაძრის შიგნით და გარშემო, ასევე სხვა კომპლექსის კომპონენტებთან დაკავშირებით. იქ არაერთი სხვა პრობლემაც არის, რომლების მოგვარების პროცესი დაწყებული გვქონდა და ამ პრობლემების მოგვარებას გააგრძელებს საქართველოს საპატრიარქო“, - წულუკიანის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გელათის საკითხზე დისკუსიის პლატფორმა და ფორმატი იქნება საქართველოს საპატრიარქოში.

შეხვედრის შემდეგ აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა, რომელიც საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეა, განაცხადა, რომ გელათის რესტავრაციის საკითხზე საპატრიარქოს გადაეცემა ყველანაირი რესურსი.

„დღევანდელ დღეს ქალბატონი თეა წულუკიანისაგან იქნა შემოთავაზება, წინადადება შეთავაზებული საპატრიარქოს, რომ გელათის რეაბილიტაციის სამუშაოებს გააგრძელებს საპატრიარქო. მას გადაეცემა ყველანაირი რესურსი და ფინანსური ბიუჯეტი, ხარაჩო, რომელიც იქ აუცილებელია, რომ სამუშაოები გაგრძელდეს ინტერიერსა თუ ექსტერიერში. აუცილებელი პირობით, რომ ის ჯგუფი, რომელიც იუნესკოსგან არის გამოგზავნილი, იქნება სამუშაოების ისევ წარმმართველი. რა თქმა უნდა, ერთობლივი შეხვედრებისას თუ გამოიკვეთება ჯგუფის ჩანაცვლების აუცილებლობა, ეს შემდეგი დროის საკითხია და ცოტა შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე სამუშაოების წარმოება, პასუხისმგებლობა თითოეულ მიმართულებაზე, ყველანაირი შესაძლებლობა - ფინანსური თუ ადამიანური, გადაეცემა საპატრიარქოს. სამინისტრო იქნება, ასევე, ჩართული ამ პროცესში, როგორც ადგილზე მონიტორინგის, შემოწმების კუთხით და ასევე იქ სამონასტრო კომპლექსზე ზრუნვის კუთხით. დღეს კონკრეტულ პირებზე არ ყოფილა საუბარი. ალბათ ეს შემდეგი შეხვედრების უფლებამოსილება იქნება, შეარჩიოს ამა თუ იმ ჯგუფის წევრები სათითაოდ, თვითონ ჩუბინაშვილის ინსტიტუტიდან იქნებიან ადამიანები ჩართულნი. კონკრეტულად ისინი იქნებიან, რომლებმაც ნაადრევად, წინმსწრებად გადადგეს ეს ნაბიჯი. ამაზე დღეს თქმა არ შეიძლება, მაგრამ შემდეგი შეხვედრებისას მთელი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდება ორმხრივი შეთანხმებით", - განაცხადა მიტროპოლიტმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიზანი შემდგომი შეცდომისგან დაზღვევაა.

„საპატრიარქოს როლი ამ პროცესში შემდეგნაირად წარმოგვიდგენია, რომ შეეცდება შექმნას პლატფორმა, სადაც ყველა მეცნიერი, გელათის პრობლემატიკით დაინტერესებული ყველა პირი თავის კომპეტენტურ მოსაზრებას წარმოადგენს და მიზანი არის ის, რომ შემდგომი შეცდომა დავაზღვიოთ. ჩვენ აღარ გვაქვს შეცდომის დაშვების რესურსი, საშუალება და უფლება. ამიტომ საპატრიარქო იქნება დაინტერესებული, რომ პროცესი დარჩეს სამეცნიერო ჩარჩოში და ყველას მიეცეს საშუალება, რომ თავისი საუკეთესო გამოცდილება ჩადოს ამ პროცესში. რა თქმა უნდა, მათ შორის, იქნებიან ჩუბინაშვილის ცენტრი, სააგენტოც და სამინისტროც", - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ. მან დაამატა, რომ მოწვეული იქნებიან საერთაშორისო დონის სპეციალისტებიც.

ასევე ნახეთ საპატრიარქო გელათზე: დღეს მომუშავე ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის სპეციალისტებით

გელათის შესახებ ჯერ კიდევ იუნესკოს დასკვნის გამოქვეყნებამდე, სამინისტროს ამ სფეროში პოლიტიკის შემოტანისგან თავის შეკავება ურჩია საპატრიარქომ, რომელმაც გელათზე კვლევის მომზადება სთხოვა ჯერ საერთაშორისო სპეციალისტებს, შემდეგ კი ჩუბინაშვილის ცენტრს.

ასევე ნახეთ გელათის ტაძრის გადახურვისა და კონსერვაციის პრობლემები - ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრი კვლევას აქვეყნებს

კულტურის სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა გელათის მოხატული ტაძრების შესახებ გამოკვლევას, რომელიც გამოაქვეყნა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა. სამინისტროს თანახმად, კვლევითი ცენტრი პოლიტიკურ ნიადაგზე უპირისპირდება მინისტრ თეა წულუკიანს.

ასევე ნახეთ სამინისტრო გელათის შესახებ დასკვნას უწოდებს „პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულს"

საპატრიარქომ კი განმარტა, რომ ცენტრმა დასკვნა, რომელსაც სამინისტრომ „პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებული“ უწოდა, მათი თხოვნით მოამზადა და ამ პროცესს პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ასევე ნახეთ საპატრიარქო კულტურის სამინისტროს: გელათზე კვლევა ჩვენი თხოვნით მომზადდა, არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს

15 თებერვალს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა გელათის საკათედრო ტაძრის მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ კრიზისი 2015-19 წლებში შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად დაიწყო.

ასევე ნახეთ ვინ როგორ კითხულობს იუნესკოს დასკვნას გელათის შესახებ