Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გელათის ტაძრის გადახურვისა და კონსერვაციის პრობლემები - ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრი კვლევას აქვეყნებს


გელათი
გელათი

საქართველოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი აქვეყნებს გელათის მოხატული ტაძრების შესახებ კვლევას, რომელიც კონსერვაციის პრობლემებს შეეხება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "გადაწყვეტილებების მიღების პროცესი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა".

ეროვნული კვლევითი ცენტრი აცხადებს, რომ შეუსრულებელია იუნესკოს მოთხოვნები:

  • "არ არსებობს ძეგლის მართვის კომიტეტი";
  • "არ მოქმედებს ძეგლის მართვის გეგმა, რომელიც უკვე არსებით განახლებას საჭიროებს";
  • "არ არის შემუშავებული ძეგლის კონსერვაციის გეგმა, სამუშაოები კი ქაოტურად და ფრაგმენტირებულად მიმდინარეობს";
  • "გელათის საკითხებთან მიმართებით სრულიად ფორმალურია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან არსებული მსოფლიო მემკვიდრეობის საბჭოს როლი";
  • "არ მოწყობილა მოხატული ტაძრების ერთიანი დროებითი გადახურვა".

ორგანიზაცია მეთოდოლოგიურ შეცდომას უწოდებს კრამიტის სახურავის მოწყობას არა ხის ზედაპირზე, არამედ ერთიან მყარ მასაზე (ცემენტის ქაფი, პემზა, სამშენებლო ნარჩენები და სხვა), რადგან ამით განიავების შესაძლებლობა აღარ დარჩა.

გელათი
გელათი

"სახურავის მოწყობისას თავის გადასაზღვევად აქტიურად იქნა გამოყენებული ჰიდროსაიზოლაციო მასალები (თხევადი იზოლატორის ფენა, ტოლი) - როგორც თვით სახურავზე, ისე კამარებზე. წყლის ინფილტრაციისაგან მათ შენობა ვერ დაიცვეს, შემდეგ კი მისი გაშრობის შემაფერხებელ კიდევ ერთ ფაქტორად იქცნენ", - წერია დასკვნაში და აქვე აღნიშნულია, რომ 2020 წლიდან გელათის მთავარი ტაძრის შენობაზე დაფარებული თუნუქის დროებითი სახურავი კრამიტებს ადევს და ამით აფერხებს კედლებისა და კამარების გაშრობის პროცესს.

ცენტრი მიიჩნევს, რომ სრული, მყარი დროებითი გადახურვა გელათის დიდი ტაძრის დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალებაა - ​ის უნდა დააპროექტონ შესაბამისი გამოცდილების საერთაშორისო სპეციალისტებმა:

"გელათის ტაძრის კედლების სრულ გაშრობას შეიძლება სამიდან ხუთ წლამდე დასჭირდეს... თუ როდის უნდა გაკეთდეს ახალი მუდმივი სახურავი, შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ პროცესებზე დაკვირვებისა და დამატებითი კვლევების შედეგად...

ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომელთა მიერ გელათის მოხატულობების ვიზუალურმა დათვალიერებამაც ცხადყო წარმოებული სამუშაოების მეთოდოლოგიური გაუმართაობა და მათი ფუნდამენტური კორექტირების აუცილებლობა".

გელათი
გელათი

ეროვნული კვლევითი ცენტრი მიიჩნევს, რომ დასავლეთ მკლავში გამოყენებულია ტონირება-რესტავრაციის ისეთი მიდგომა, რომელიც პრინციპულად ეწინააღმდეგება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოში მიღებულ და გაზიარებულ პრინციპებს.

"გელათში გამოყენებული მიდგომა - ორიგინალ ბათქაშზე რესტავრატორების ჩარევა, მათ მიერ ინტერპრეტირებული რეალობით ისტორიული რეალობის ჩანაცვლება - არსებითად, მხატვრობის ფალსიფიკაციას წარმოადგენს და აზიანებს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სახეს.

მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ დასავლეთი მკლავის მხატვრობის ავთენტური სახის შემლახავი ჩარევები პროფესიული წრისგან მალულად შესრულდა - მას არ გაუვლია პროფესიული შეფასების, რეცენზირების თუ დამტკიცების არც ერთი რგოლი...

ამგვარი თვითნებობა, ცალკეულ რესტავრატორთა გემოვნებას დაფუძნებული მხატვრული ინტერპრეტაციები, არა მხოლოდ მოხატულობის, ავთენტური სახის შელახვას და საერთაშორისო სტანდარტების დარღვევას წარმოადგენს, არამედ პროფესიულ ეთიკასაც უხეშად არღვევს", - წერია კვლევაში.

გელათი
გელათი

აქვე აღნიშნულია, რომ კვლევაში მოყვანილი საკითხები სრულად ვერ ასახავს გელათის მოხატულობებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

XS
SM
MD
LG