თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა

თბილისის ანძა

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს არის სოლიდარობის ნიშანი ომში მყოფი უკრაინის მიმართ.

"რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან ერთი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა.

საქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს, უსურვებს მათ მშვიდობასა და ქვეყნის ერთიანობას", - წერია განცხადებაში.

უკრაინის დროშის ფერებში არის განათებული საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაც.

ასევე ნახეთ თბილისში უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

დღეს ერთი წელი შესრულდა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს თითქმის 5 000 სარაკეტო და დაახლოებით 3 500 საავიაციო დარტყმა. ასევე, 1 100-მდე დარტყმა უპილოტო საფრენი აპარატებით.

გაეროს მონაცემებით, რაც სრულ სურათს არ ასახავს, ომის შედეგად დაიღუპა 8 000 მეტი სამოქალაქო პირი. საკუთარი საცხოვრებელი იძულებით დატოვა დაახლოებით 14 000 000-მა ადამიანმა. უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში განადგურებულია ათი ათასობით სახლი, ადმინისტრაციული შენობები, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტები.