ვინაიდან ნატოს და აშშ-ს რუსეთის სტრატეგიული დამარცხება სურთ, მოსკოვი წყვეტს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ (СНВ-3) შეთანხმებაში მონაწილეობას,
„მათ სურთ სტრატეგიული დამარცხება მოგვაყენონ და ძვრებიან ჩვენ ბირთვულ ობიექტებზე. ამიტომ დღეს იძულებული ვარ განვაცხადო, რომ რუსეთის წყვეტს სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებაში მონაწილეობას“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 21 თებერვალს ფედერალური ასამბლეისადმი თავისი ყოველწიური მიმართვის დროს.
თავისი მიმართვის დიდი ნაწილი ვლადიმირ პუტინმა დაუთმო უკრაინაში მიმდინარე ომს, რომლის დაწყებიდან 24 თებერვალს წელიწადი შესრულდება. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი „ზედმიწევნით და თანამიმდევრულად“ გადაწყვეტს იმ ამოცანებს, რომლისთვისაც ერთი წლის წინ „რუსეთის ისტორიულ მიწებზე“ სპეციალური ოპერაციის ჩატარება გადაწყდა.
„ერთი წლის წინ ჩვენ ისტორიულ მიწებზე ადამიანების დაცვის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და იმ საფრთხის ლიკვიდაციის მიზნით, რაც 2014 წლის გადატრიალების შემდეგ უკრაინაში ჩამოყალიბებული ნეონაცისტური რეჟიმიდან მომდინარეობდა, - მიღებული იქნა გადაწყვეტილება სპეციალური ოპერაციის ჩატარების შესახებ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ, ზედმიწევნით და თანამიმდევრულად გადავწყვეტთ ჩვენ წინაშე მდგარ ამოცანებს“, - განაცხადა ფედერალური ასამბლეისადმი თავის მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც „დასავლური ელიტა“ და „კიევის რეჟიმი“ დაადანაშაულა უკრაინაში მიმდინარე გამანადგურებელ ომში.
ამ მიმართვას ესწრებოდნენ რუსეთის ცენტრალური და რუსეთის რეგიონული მთავრობების წარმომადგენლები, ფედერაციის საბჭოს წევრები, კრემლის მხარდამჭერი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ხელოვნების, კულტურის და მეცნიერების წარმომადგენლები. ღონისძიებაზე მოსაწვევები არ მიუღიათ „უცხოეთის აგენტებად“ შერაცხული მედიის წარმომადგენლებს.
ასევე ნახეთ
პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხება შეუძლებელიაპუტინის მიმართვამდე ერთი დღით ადრე, კიევს მოულოდნელად ესტუმრა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, რომელმაც უკრაინას მორიგი სამხედრო დახმარების პაკეტის დაფინასებას დაჰპირდა.
„პუტინის დამპყრობლური ომი მარცხდება. რუსეთის არმიამ დაკარგა იმ ტერიტორიის ნახევარი, რომელიც ადრე ჰქონდა ოკუპირებული. ახალგაზრდა ნიჭიერი რუსები გარბიან ქვეყნიდან, რადგან ვერ ხედავენ მომავალს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა და გაიმეორა, რომ რუსეთის პრეზიდენტი შეცდა, როდესაც დასავლეთის ქვეყნებში განხეთქილების შეტანასა და უკრაინის სისუსტეზე აკეთებდა გათვლას.
ასევე ნახეთ
ბაიდენი "სიმამაცის ხეივანში" - მოულოდნელი ვიზიტის ისტორიული, სიმბოლური და პოლიტიკური ასპექტები- 24 თებერვალს ერთი წელი სრულდება უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, რომელსაც რუსეთის სპეცოპერაციას უწოდებს.
- უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლის თავზე, რუსეთის არმია, უკრაინის დედაქალაქიდან ასობით კილომეტრზეა გადასროლილი, მთელი ძალებით ცდილობს სრული კონტროლის დამყარებას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე და ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს იერიშებზე ლიმანის, ბახმუტის, კუპიანსკის, ავდეევკისა და შახტარსკის მიმართულებებით.
- ომის განმავლობაში აშშ-მა და ნატოს სხვა მოკავშირეებმა უკრაინის არმიის გასაძლიერებლად გაიღეს მილიარდობით დოლარის ოდენობის დახმარება, რაც მოიცავს საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო სისტემებს, ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარარებას და ახლა უკვე ტანკებსაც.
- კიევი გაზაფხულზე შეტევას გეგმავს და, ამავე დროს, მოსკოვის თავდასხმებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად ემზადება. ამიტომ, იმედოვნებს, რომ შეძლებს კოლექტიური დასავლეთის დარწმუნებას, მიაწოდოს სამხედრო თვითმფრინავები, რაც უკრაინის არმიას შემდგომ წარმატებასა და რუსული მასობრივი თავდასხმის მოგერიებაში დაეხმარება.