ეროვნული გალერეაში ერთი კვირის წინ გახსნილი გამოფენის, „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილეები ავრცელებენ განცხადებას, რომელშიც გმობენ თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული ორგანიზაციების და ხელოვანების მიმართ "ანტაგონიზმსა და რეპრესიებს".
ისინი თვლიან, რომ მხატვარ სანდრო სულაბერიძის ქმედება, რისთვისაც მის წინააღმდეგ საქმეა აღძრული, სახელოვნებო პროცესია და მისი ამ ტიპის სამართლებრივი განხილვა აზიანებს ქართულ შემოქმედებით სივრცეს და თავისუფალ თვითგამოხატვას, ის ასევე შეურაცხყოფს გალერეას და მისი დაფუძნების სულისკვეთებას.
„ვგმობთ აშკარად გაცხადებულ ანტაგონიზმსა და რეპრესიებს თავისუფლების იდეაზე დაფუძნებული ინსტიტუციებისა და ხელოვანების წინააღმდეგ“ - წაიკითხავთ განცხადებაში, რომლის ხელის მომწერებს მიაჩნიათ, რომ „პროცესის ამ ტიპის სამართლებრივი განვითარება აღქმული იქნება დევნისა და თვითგამოხატვის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად“.
გამოფენის მონაწილე ხელოვანების აზრით, სამართლის ყველაზე ფორმალისტური გაგებითაც კი გაუგებარია მხატვარ სანდრო სულაბერიძის „პერფორმანსის ქურდობად ინტერპრეტირება, რადგან ქურდობისთვის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენს სხვისი ნივთის ფარულად დაუფლება მისაკუთრების მიზნით. მას არ მიუთვისებია სხვისი ნამუშევარი, მეტიც, საერთოდ არ შეხებია სხვის ნამუშევარს და მის ქმედებას არ მოჰყოლია მნიშვნელოვანი ზიანი. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლი უზრუნველყოფს შემოქმედებით თავისუფლებას და კრძალავს შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ჩარევას“- წერენ ისინი და მოუწოდებენ „დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეასა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ეროვნულ მუზეუმს, მიმართონ საგამოძიებო უწყებას სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით რათა თავიდან აიცილონ ფორმირების პროცესში მყოფი ინსტიტუციური ზიანი“.
განცხადების ბოლოს მისი ავტორები წერენ, რომ „ეროვნული გალერეა ქართული კულტურისთვის, კონტექსტისა და მისი დაფუძნების ისტორიის გათვალისწინებით, არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუცია, რის გამოც, მიგვაჩნია, რომ სახელოვნებო პროცესის ამ ტიპის სამართლებრივი განხილვა აზიანებს არა მხოლოდ ქართულ შემოქმედებით სივრცესა და თავისუფალ თვითგამოხატვას, არამედ იგი შეურაცხყოფს ამ ინსტიტუციასა და მისი დაფუძნების სულისკვეთებას. ამ პროცესში არც სანდრო და არც ჩვენ, გამოფენის მონაწილეები, არ ვართ მარტონი“.
ეროვნულ გალერეაში 2023 წლის 4 თებერვალს გახსნილი გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ მონაწილე სანდრო სულაბერიძემ საკუთარი ნამუშევარი ჩამოხსნა და მის ადგილას საღებავით კედელზე დაწერა ფრაზა - „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია!“. სანდრო სულაბერიძის მიმართ საქმის წარმოება დაწყებულია ქურდობის მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.
11 თებერვალს მსგავსი განცხადება, სადაც დაგმობილი იყო მხატვრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, გაავრცელა საქართველოს პენცენტრმაც.
ასევე ნახეთ საქართველოს პენცენტრმა გაავრცელა განცხადება მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრის გამო