საფრანგეთმა და გერმანიამ უკრაინას დაუდასტურეს, რომ გააგრძელებენ მის დახმარებას რუსეთთან ომში გასამარჯვებლად. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი 8 თებერვალს, ღამით პარიზში შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. საფრანგეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, განიხილეს უკრაინის ოპერატიული საჭიროებები.
ემანუელ მაკრონმა პარიზში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია ომში გასამარჯვებლად ჰქონდეს საფრანგეთის და მისი მოკავშირეების იმედი. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რუსეთმა ამ ომში ვერ უნდა გაიმარჯვოს და არ გაიმარჯვებს. გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინის დახმარება გაგრძელდება, სანამ ეს საჭირო იქნება. შოლცმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის გამარჯვება არ უნდა დაუშვან.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთს და გერმანიას მოუწოდა, უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად გადასცენ მძიმე საბრძოლო ტექნიკა და თვითმფრინავები. ზელენსკის განცხადებით, რაც უფრო სწრაფად მოხდება ეს, მით უფრო სწრაფად დასრულდება რუსეთის აგრესია და ევროპაში მშვიდობა დაბრუნდება.
ასევე ნახეთ ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთის პარლამენტში: "ჩვენი გამარჯვება შეცვლის მსოფლიოს"უკრაინის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერთან შესახვედრად პარიზში ჩავიდა ლონდონიდან, სადაც 8 თებერვალს მოლაპარაკება გამართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტს მიმართა და მეფე ჩარლზ მესამეს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრ სუნაკთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას დიდი ბრიტანეთისგან აქვს ძლიერი თავდაცვითი პაკეტი, შეთანხმდნენ დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკაზე, შორ მანძილზე მოქმედების იარაღის მიწოდებასა და უკრაინელი მფრინავების მომზადების დაწყებაზე.
ასევე ნახეთ "სატანკო გარღვევა" - უკრაინა გერმანულ Leopard 2-ებსა და ამერიკულ Abrams-ებს მიიღებსდღეს, 9 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ელოდებიან ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის სამიტი იწყება. დაგეგმილია ზელენსკის გამოსვლა ევროპარლამენტშიც.