მთავრობის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

თბილისი. მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რამდენიმე სხვა პარტიასთან და მოქალაქეებთან ერთად აპროტესტებენ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ლევან ხაბეიშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „პუტინის მსახურებმა, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა, კარგად უნდა იცოდნენ, რომ ძალიან მძიმე დღეები ელოდებათ წინ. პროტესტი იქნება ყველგან, სადაც ეს ადამიანები იქნებიან და მშვიდობიანად, ისე ლაღად, როგორც აქამდე აკეთებდნენ სხვადასხვა ადგილებში შეკრებას, სხვადასხვა ადგილებში ბრიფინგების გამართვას, ასე ვერ იქნება და ვერ გაგრძელდება".

ხაბეიშვილის თქმით, დღეს, 21:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში საგანგებო განცხადება გაკეთდება. „საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას საქართველოს სხვადასხვა რაიონში, ქალაქში კონკრეტულ ლოკაციებს, კონკრეტულ საათებს, დღეებს. ხვალიდან იქნება პროტესტი ყველგან, მათ შორის დედაქალაქში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის სახლთან, ღარიბაშვილთან, ბრეგაძესთან, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონში. ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ ასეთ მდგომარეობაში ვართ, როცა პუტინის დავალებით კლავენ პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს. პოლიციის კორდონით, სპეცდანიშნულების რაზმებით მოუწევთ დაძინებაც და გაღვიძებაც“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

აქციაზე მყოფი ენმ-ის წევრი აკო მინაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაზე ქვეყნის შიგნით ზეწოლა უნდა გაიზარდოს: „ჩვენი ყველას მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად გაიზარდოს წნეხი ქვეყნის შიგნით. საერთაშორისო წნეხი მზარდი არის. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები ძალიან რადიკალურია. ახლა მნიშვნელოვანი არის ქვეყნის შიგნით მობილიზება. პირველ რიგში ეს უნდა გააკეთონ პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა. საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, რომ ამაში მონაწილეობა მიიღოს. ეს არ არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის საკითხი, არამედ ჩვენი ევროპული მომავლის საკითხია", - თქვა მინაშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის წინ იმყოფება თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის, სურვილს უკავშირებს: „ივანიშვილი შიშის წერას არის აყოლილი, მას მხოლოდ პუტინის ეშინია და მზად არის მთელ ქვეყანას, მის მომავალს, ჯოჯოხეთი მოუწყოს. მოსამართლე არევაძის გადაწყვეტილების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არის სიკვდილმისჯილი. ივანიშვილმა გადაწყვიტა ჩვენ და ჩვენს შვილებს მოუწყოს ჯოჯოხეთი. ამაზე პასუხი არის მხოლოდ ერთი: „რომელმან აღიღოს მახვილი, მახვილითვე წარწყმდეს!“

აქციას შეუერთდა „სტრატეგია აღმაშენებელი", რომლის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეების მიზანი ევროინტეგრაციაა, რასაც, პოლიტიკოსის აზრით, მმართველი პარტია ეწინააღმდეგება: „გვაქვს ძალიან გაცხადებული მიზანი - ეს არის ევროკავშირი, რითაც გვინდა, რომ უსაფრთხოება და კეთილდღეობა მოვუტანოთ საქართველოს. მეორე მხარეს დგას „ქართული ოცნება“, რომელიც არის დასუსტებული რუსეთის მარიონეტული რეჟიმი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ არ მივიღოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი", - აღნიშნა ვაშაძემ.

„გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრის, ცოტნე კობერიძის, განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პირველ რიგში არის პოლიტიკური ტიპის პატიმარი.

„[სააკაშვილს] ასამართლებენ იმ მოსამართლეების ხელით, რომელ მოსამართლეებთან ერთად ჩადენილ დანაშაულზე რაღაცებს ედავებიან", - თქვა კობერიძემ.

6 თებერვალს, საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ, მან მაშინვე გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.

ასევე ნახეთ "არ დაკმაყოფილდეს" - ვინ რა თქვა სააკაშვილის სასჯელის გადავადების დასკვნით, მე-12 სხდომაზე

მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.