"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტაზე თანაპარტიელების გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ არ ეთანხმება "უშედეგოდ" ბოიკოტს ან მანდატების დატოვებას.
"მე არ ვემხრობი უშედეგოდ არც საპარლამენტო, საკრებულოების ბოიკოტს, არც მანდატების დატოვებას. ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანია რაციონალურად შევხედოთ მოვლენებს და ჩვენი პარტნიორების ნდობა არ დავკარგოთ. ჩვენ ვიცით ჩვენი პარტნიორების განწყობები.
თუ პროცესის რადიკალიზაცია არასწორად წავიდა (მასიურ პროტესტს არ ვგულისხმობ) - ეს იქნება უმძიმესი პრობლემა პარტიისთვის და მიშასთვის. რაც უფრო მარგინალური პროცესებისკენ მიდის გზა - უფრო არ გაუშვებენ მიშას.
მიშას საკითხის გადაწყვეტა არის საერთაშორისო მნიშვნელოვან ზეწოლაზე მუშაობა. ივანიშვილმა უნდა იგრძნოს საფრთხე. ამაზე ვმუშაობთ 1,5 წელი (ყველაფრის თქმა არ შემიძლია რიგი მიზეზების გამო). დღეს ის საპირისპიროს ხედავს", - წერს დეკანოიძე ფეისბუქის გვერდზე.
საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვს პარტიის კიდევ ერთ დეპუტატს, ანი წითლიძეს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა გააგრძელონ ან პარლამენტში, ან საკრებულოებში მუშაობა.
"მე მომხრე ვარ პარლამენტიდან და საკრებულოებიდან, მათ შორის თბილისის საკრებულოდან გამოსვლის.
ჩემთვის გაუგებარია იმ ადამიანების პოზიცია ვინც პარლამენტის მანდატიის დატოვებას ემხრობა საკრებულოებიდან გამოსვლას არა.
შესაბამისად, პოზიციას ნახ ნახევარი ვაკეთოთ, მიშას რომ კლავენ ეს არ შევიმჩნიოთ სწორი არ მგონია.
თუ გამოვდივართ და ამ გზას ვირჩევთ უნდა გამოვიდეთ ყველა რგოლიდან და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს პარტიის ყველასთან შეთანხმებული პოზიცია. ჩვენ ყველგან მარტო უნდა დავტოვოთ რუსული ოცნება", - წერს წითლიძე.
გუშინ, 6 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობა, ენმ-ის ახალმა თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტია წყვეტს საპარლამენტო საქმიანობას:
„ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას. ჩვენ ასევე ვაპირებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრას, ელჩებთან და ამ კონკრეტული კომუნიკაციის დამყარება უკვე დაწყებული გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ გააძლიერონ წნეხი „რუსულ ოცნებაზე“, რეჟიმზე, პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის".
ხაბეიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ აპირებს არანაირ განხილვაში მონაწილეობას და "ქართულ ოცნებასთან" რაღაც თამაშებში შეყოლას.
"ყოველდღიური პროტესტი და სახალხო მღელვარება იქნება პასუხი „ქართულ ოცნებაზე“, ბიძინა ივანიშვილზე", - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
ასევე ნახეთ ენმ-მა ღარიბაშვილის სახლთან გააპროტესტა სააკაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება6 თებერვალს, საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ მან მაშინვე გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
ასევე ნახეთ "არ დაკმაყოფილდეს" - ვინ რა თქვა სააკაშვილის სასჯელის გადავადების დასკვნით, მე-12 სხდომაზე