პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ფეისბუკის გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტა ეფექტური არ იქნება.
„რეალობის სწორი აღქმით და პრაგმატული გეგმით უნდა ვიმოქმედოთ, რომ მივიღოთ შედეგი. საპარლამენტო საქმიანობის დროებით შეწყვეტა ვერ იქნება ეფექტური ამ შემთხვევაში. თუ პარტია რჩება პარლამენტში, მაშინ დეპუტატებმა უნდა იბრძოლონ შენობის შიგნით და შექმნან დისკომფორტი. თუ პარტია გამოდის პარლამენტიდან - უნდა გამოვიდეს და პარლამენტარები ბრძოლაში უნდა ჩაერთონ პარლამენტის გარედან. ბოიკოტის რეჟიმში ყოფნით - კომფორტს ვუქმნით მხოლოდ სახელისუფლებო პარტიას“, - წერს ნიკა მელია.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დღეს, 7 თებერვალს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ წყვეტენ საპარლამენტო საქმიანობას და აგრძელებენ კონსულტაციებს საპარლამენტო მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით. ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღარ დაესწრება საპარლამენტო სხდომებს, არ მიიღებს მონაწილეობას საკომიტეტო მოსმენებში. ამასთან პარტია და ფრაქცია საპარლამენტო მანდატების დატოვების საკითხზე კონსულტაციებს გააგრძელებენ ევროპელ პარტნიორებთან და გარე, არასაპარლამენტო პარტიებთან.
ასევე ნახეთ საპარლამენტო მანდატების დატოვების თაობაზე „ნაციონალური მოძრაობა“ კონსულტაციებს განაგრძობსეს არის პარტიის პასუხი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
6 თებერვალს სასამართლომ არ დააკმაყოფილა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს უარის შემდეგ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საპროტესტო აქციები დაიწყო.