Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო მანდატების დატოვების თაობაზე „ნაციონალური მოძრაობა“ კონსულტაციებს განაგრძობს


ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის“ ბრიფინგი პარლამენტში
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის“ ბრიფინგი პარლამენტში

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დღეს, 7 თებერვალს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ წყვეტენ საპარლამენტო საქმიანობას და აგრძელებენ კონსულტაციებს საპარლამენტო მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით. ეს არის პასუხი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვით არ დაკმაყოფილდა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობა.

"ამ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკური სივრცე აღარ არსებობს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებებისთვის და ხელისუფლება მხოლოდ პოლიტიკური შურისძიების მოტივით მოქმედებს, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იღებს გადაწყვეტილებას და ფრაქცია აღარ მიიღებს საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას“, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა.

შესაბამისად, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აღარ დაესწრება საპარლამენტო სხდომებს, არ მიიღებს მონაწილეობას საკომიტეტო მოსმენებში. ამასთან, პარტია და ფრაქცია საპარლამენტო მანდატების დატოვების საკითხზე კონსულტაციებს გააგრძელებენ ევროპელ პარტნიორებთან და გარე, არასაპარლამენტო პარტიებთან.

პარტია აპირებს "პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმების" გამოყენებას. როგორც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ განმარტა, თავად ემხრობა, თუმცა პარტიის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა და მიმდინარებს კონსულტაციები ასევე საკრებულოებიდან გამოსვლის და მანდატების დატოვების შესახებაც.

6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ადვოკატების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო მისთვის სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელისგან გათავისუფლებაზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიციაა, რომ სააკაშვილს არ აქვს არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც წარმოადგენს სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს უარის შემდეგ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საპროტესტო აქციები დაიწყო.

XS
SM
MD
LG