დღეს მესამე საპროტესტო შეკრება გამართეს "ბოლტის" პარტნიორმა მძღოლებმა. ისინი მოითხოვენ, დაბრუნდეს 2023 წლამდე არსებული ტარიფები, შემცირდეს საკომისიო, გაიხსნას ქართული ოფისი და ამოქმედდეს ქოლცენტრი 24/7-ზე. "ბოლტის" მძღოლები ასევე ითხოვენ შორ მანძილზე ფასის დეკომპენსირებასა და ლოდინის ღილაკის დამატებას.
"შემცირდა ტარიფი იმ ფონზე, როცა ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფონია. მაღაზიაში რომ შევდივართ, როგორი მომატებულია ფასები, ამას ყველა ვხედავთ. მიუხედავად ამისა, კომპანიამ შეგვიმცირა შემოსავალი.
საინტერესოა ის, რომ ეს რთული პერიოდი, როცა შეკვეთები ნაკლებია, შეგვეხო მხოლოდ ჩვენ, მძღოლებს. საკომისიოს ერთი თეთრიც არ დაჰკლებია, ანუ ჩვენი ჯიბიდან უნდა გადავიხადოთ ყველაფერი. ის ხელმძღვანელი, რომელიც ზის თბილად, საერთოდ ერთ თეთრსაც არ აკლებს საკომისიოს. არ ფიქრობენ, რომ გვჭირდება ღირსეული ანაზღაურება", - თქვა აქციის მონაწილე "ბოლტის" ერთ-ერთმა მძღოლმა გიორგი ჟამურელმა.
ასევე ნახეთ თბილისში "ვოლტის" კურიერები საპროტესტო აქციას მართავენ"ბოლტის" მძღოლებს სოლიდარობა გამოუცხადეს "ვოლტის" კურიერებმა. თავიანთი აქციის შემდეგ, ისინი ველოსიპედის ძეგლიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე მსვლელობით გაემართნენ ტაქსის მძღოლების საპროტესტო შეკრებისკენ.
მძღოლების მოთხოვნებსა და ბრალდებებზე რადიო თავისუფლებას კომპანია "ბოლტში" უთხრეს, რომ ჩვენი წერილი შესაბამის გუნდს გადაეცა და რომ დაინტერესების შემთხვევაში, აუცილებლად დაგვიკავშირდებიან.
მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსაც, სადაც გვითხრეს, რომ "ბოლტში" დასაქმებულ მძღოლებს მათთვის ჯერ არ მიუმართავთ. მიმართვის შემთხვევაში შრომის ინსპექციას კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიატორის დანიშვნის მანდატი აქვს.