თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, "ვოლტის" კურიერები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი ძირითადი მოთხოვნა არსებული ტარიფების მომატება, მეორე შეკვეთის ობიექტიდან მანძილის ათვლა და ე.წ. კილომეტრების მოპარვის პრობლემის მოგვარებაა.
კურიერები აცხადებენ, რომ პრობლემებზე კომპანიაში უკვე განაცხადეს, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.
"ქვეყანაში ისე ორმაგად და სამმაგად გაძვირდა ყველაფერი, გაუსაძლისია უკვე ასეთ პირობებში ცხოვრება, რაც იყო ხელფასი 2 წლის წინ, იგივე დარჩა ახლაც, მინიმალური მატებაა, არაფერს ნიშნავს. ყველა უკმაყოფილოა, ნორმალური დაზღვევა არ გვაქვს, კურიერები შავდებიან, არაფერი უნაზღაურდებათ, ესაა მთავარი პრობლემა - ვერ ვიღებთ სათანადო ანაზღაურებას. ძალიან დიდ შრომას ვდებთ და ძალიან ცოტას გვიხდიან... მაქსიმალურად დიდი შრომა უნდა ჩადო და სუფთა, ჯიბეზე, მე მგონი, 1500 ლარი უნდა დაგრჩეს. ეს არ შეესაბამება იმას, რამხელა შრომას დებენ კურიერები", - უთხრა აქციაში მონაწილე ერთ-ერთმა კურიერმა გიორგი ტიკარაძემ რადიო თავისუფლებას.
რას ამბობენ კომპანია "ვოლტში"?
"ვოლტი" აცხადებს, რომ თანამშრომლობენ სადაზღვეო კომპანიებთან, რათა მომავალში სადაზღვევო შემთხვევები უფრო სწრაფად განიხილონ.
რაც შეეხება მანძილის გაზომვას, კომპანია აცხადებს, რომ მათ განაახლეს კურიერების აპლიკაციის რუკა და ინერგება Google Map-ის ნავიგაცია, რომელიც მოხნის განვლილი მანძილის გაზომვის სიზუსტის პრობლემას. ხოლო ამ ეტაპზე, პარტნიორებისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეკვეთის დისტანციაში მნიშვნელოვანი ცდომილებები კომპენსირდება ხელით.
ანაზღაურების თემაზე კომპანია "ვოლტი" აცხადებს, რომ 2023 წლის 1 თებერვალს შეკვეთების ანაზღაურების განსაზღვრის ახალი მეთოდი დააანონსეს, რომელიც 2023 წლის 15 თებერვლიდან ეტაპობრივად შევა ძალაში. მათი განმარტებით, ახალი სისტემით პარტნიორი კურიერების ანაზღაურება ანგარიშდება დინამიურად, კონკრეტული შეკვეთის პარამეტრებიდან გამომდინარე.
კომპანიის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ესმით კურიერების "მცირე ჯგუფის" უკმაყოფილება თუმცა, მათთვის მიუღებელია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა და საქმიანობაში ხელის შეშლა იმ პარტნიორი კურიერების მიმართ, რომლებიც არ უერთდებიან პროტესტს.
"ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ პატივს ვცემთ პარტნიორი კურიერების მიერ პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლებას. თუმცა, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ის აგრესიული და შეურაცხმყოფელი ფორმა, რომელშიც გუშინდელი პროტესტი გადაიზარდა. სამწუხაროდ, პროტესტში მონაწილე პარტნიორი კურიერების მცირე ჯგუფმა გამოიყენა მჩაგვრელი და შეურაცხმყოფელი ფორმა სხვა პარტნიორი კურიერების, ჩვენი პარტნიორი რესტორნებისა და კომპანიის თანამშრომლების მიმართ. კომუნიკაციის ეს ფორმა სრულიად მიუღებელია. ჩვენ ყველას კონსტრუქციული დიალოგისკენ მოვუწოდებთ და მენეჯმენტი მზადაა დიალოგის ფორმატში მოვისმინოთ ყველა ის საკითხი რომელიც ჩვენს პარტნიორ კურიერებს აწუხებთ", - განმარტავს ნატალია ხიზანიშვილი, ვოლტის რეგიონალური გენერალური მენეჯერი.