1 აპრილიდან A კატეგორიის ტაქსებით მგზავრის აყვანა-ჩამოსმა BUSLane-ებში შეიძლება

ფოტოილუსტრაცია

თბილისში პირველი აპრილიდან იცვლება ე.წ. თეთრი ტაქსებით მგზავრების აყვანა-ჩამოსმის წესი. თბილისის მერიის ინფორმაციით, მგზავრების მომსახურების მიზნით საავტობუსო ზოლში გადასვლისა და იქიდან მგზავრის აყვანა-ჩამოსმის გამო მძღოლი აღარ დაჯარიმდება.

"პირველი აპრილიდან ვგეგმავთ, რომ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, საავტობუსო ზოლში გადავიდნენ, გააჩერონ, აიყვანონ მგზავრი ან ჩამოსვან. მხოლოდ მგზავრის აყვანა-ჩამოსმა შეეძლება A კატეგორიის, თეთრი ფერის, შესაბამისი მანიშნებლით აღჭურვილი ტაქსის მძღოლს. ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ და დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით", - თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ასევე ნახეთ თბილისის მერია 20 მარტიდან A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემას შეწყვეტს

თბილისში ტაქსით მომსახურების გასაწევად აუცილებელია შესაბამისი ლიცენზიის ქონა. A კატეგორიის ტაქსი აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს, მას შეუძლია მგზავრის ნებისმიერ ადგილზე აყვანა, B კატეგორიის ტაქსიზე მანქანის ფერი შეზღუდული არ არის, თუმცა მხოლოდ გამოძახების სერვისით მუშაობა შეუძლია.