თბილისის მერია 2023 წლის 20 მარტიდან შეწყვეტს ე.წ. თეთრი ტაქსების ნებართვების გაცემას. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ თქვეს ტაქსების რეფორმის მესამე ტალღაზე საუბრისას.
"მუნიციპალიტეტი შეწყვეტს A კატეგორიის ნებართვების გაცემას. [მსურველი ნებართვას] მიიღებს [შეიძენს] მხოლოდ იმ პირებისგან, ვინც საკუთრებაში ფლობდა. აქ ერთვებიან იურიდიული პირები [კომპანიები]", - თქვა ვიცე-მერმა.
რა შეიცვლება:
- ერთწლიანი ვადით A კატეგორიის ნებართვების გაცემა შეწყდება 20 მარტიდან;
- 1 აპრილიდან დაინერგება ახალი სისტემა, რომლითაც უვადო ნებართვის აღება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ფლობდნენ A კატეგორიის ნებართვას;
- A კატეგორიის ნებართვები გახდება უვადო, თუმცა მისი აღება შეუძლებელი გახდება;
- თუ მფლობელი ამ ნებართვით არ ისარგებლებს, მას დღეში 3 ლარის გადახდა მოუწევს;
- არსებული ლიცენზიების ახალი ლიცენზიებით აქტივაცია 1 წლის განმავლობაში, 2023 წლის 1 აპრილიდან 2024 წლის 1 აპრილამდე, იქნება შესაძლებელი;
- შესაძლებელი იქნება მიღებული ნებართვის გაქირავება ან გაყიდვა - არ შეიცვლება მისი ღირებულება.
"თუ არ აქვს ადამიანს სურვილი, რომ გააგრძელოს ამ ნებართვით საქმიანობა, ჩვენ ვქმნით შესაბამის პლატფორმას, სადაც შეუძლია ეს ნებართვა გამოიტანოს და ივაჭროს. ნებართვა 1000 და 2000 ლარი კი არ ეღირება, ცხადია, ფასი მეტი იქნება. ამას დრო დასჭირდება... თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გქონდეთ ", - აღნიშნა თბილისის მერმა.
ირაკლი ხმალაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ 1-წლიან პერიოდში არ მოხდა ახალი ნებართვის აქტივაცია, არსებული ავტომატურად გაუქმდება.
"ის პირები, რომლებიც დღემდე არ ახორციელებდნენ და სურვილი აქვთ განახორციელონ A კატეგორიით გათვალისწინებული მომსახურება, მაგრამ არასოდეს არ აუღიათ ნებართვა, ესენი მიიღებენ ახალი სისტემით გათვალისწინებულ [უვადო] ნებართვას, თუ 20 მარტამდე მიიღებენ ძელი სისტემით გათვალისწინებულ ნებართვას...A კატეგორიის ტაქსისთვის არ დაწესდება ტრანსპორტის წლოვანებაზე შეზღუდვა და არც ლიცენზიის საფასური გაიზრდება", - თქვა ვიცე-მერმა.
თბილისში ტაქსით მომსახურების გასაწევად აუცილებელია შესაბამისი ლიცენზიის ქონა. A კატეგორიის ტაქსი აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს, მას შეუძლია მგზავრის ნებისმიერ ადგილზე აყვანა, B კატეგორიის ტაქსიზე მანქანის ფერი შეზღუდული არ არის, თუმცა მხოლოდ გამოძახების სერვისით მუშაობა შეუძლია.
B კატეგორიის ტაქსიზე არ იცვლება მოქმედი მოდელი.