29 იანვარს გუდაურში ათობით პარაპლანისტი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე და პარაპლანით ფრენაზე აკრძალვის მოხსნა მოითხოვა. პროტესტის გამო საბაგიროც გაჩერებული იყო.
„დაპირება გვქონდა მთავრობისგან, რომ ზამთარში შევძლებდით ფრენას. შესაბამისად, პარალელურ რეჟიმში, რეგულაციები მიღებული იქნებოდა“, - ამბობს "ტვ პირველთან" აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
პარაგლაიდინგი, რომელიც გუდაურში ერთ-ერთი პოპულარული ექსტრემალური სპორტის სახეობაა, დაახლოებით 6 თვეა აკრძალულია, მას შემდეგ, რაც გასული წლის ივლისში ორი ტურისტი დაიღუპა ფრენისას.
ბოლო შემთხვევამ იმის გამოც მიიქცია ყურადღება, რომ პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია ტრაგიკულად დასრულდა. ჩამოვარდა ვერტმფრენი 8 ადამიანით ბორტზე. ყველა დაიღუპა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პარაგლაიდინგის ფედერაცია თანამშრომლობს სახელმწიფოსთან, პარაპლანით ფრენის საკანონმდებლო რეგულაციის საკითხებზე და ფრენები, სავარაუდოდ, გაზაფხულზე აღდგება.
ასევე ნახეთ ორი გარდაცვლილი ორ კვირაში – რა ზრდის პარაპლანით ფრენის რისკს საქართველოში?