საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს სამინისტროში.
"დავიბარეთ სამინისტროში მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებისთვის. ორმხრივი ურთიერთობის სხვა საკითხები ამ შეხვედრაზე მასთან განხილული არ იქნება", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სავარაუდოდ, კასიანოვის დაბარება საგარეო უწყებაში უკავშირდება რამდენიმე დღის წინ "ევროპეისკაია პრავდისთვის" მიცემულ იმ ინტერვიუს, რომელშიც საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის მოსალოდნელ საფრთხეებზეც იყო საუბარი.
"ჩვენ მივდივართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვევის საფუძველზე. ჩვენ განვიხილავთ საკითხების ფართო სპექტრს საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან", - უთხრა კასიანოვმა ჟურნალისტებს. მის კომენტარს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საელჩო არ გამორიცხავს საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობას, თუკი მათ დაემუქრებათ საფრთხე საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ, რუსების მასობრივი შემოსვლის შემთხვევაში.
ასევე ნახეთ კასიანოვი არ გამორიცხავს საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციასმმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ სამარცხვინო უწოდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ამ განცხადებას.
"მე შემიძლია ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში დასჭირდებოდა, ალბათ, უკრაინელების ევაკუაცია საქართველოდან კასიანოვს, თუ ჩვენ "ბუკებს" გავაგზავნიდით უკრაინაში. ეს იქნებოდა საქართველოს პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში", - თქვა კობახიძემ.
ასევე ნახეთ კობახიძე კასიანოვის განცხადებას უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის წინაპირობაზე, სამარცხვინოს უწოდებსსაქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს.
"ვიმედოვნებ, რომ მალე პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას შევძლებთ. ვხედავთ, რომ საქართველო, ისე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა, დასავლეთის მხრიდან ზეწოლას განიცდის, რომლებიც მოითხოვენ ღიად და საჯაროდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებთან მიერთებას და ის, რომ პატარა ქვეყანას და მის ხელმძღვანელობას ჰყოფნით ვაჟკაცობა თქვან, რომ ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ჩვენი ინტერესებით, ჩვენი ეკონომიკის ინტერესებით, ეს პატივისცემას იწვევს“, - თქვა სერგეი ლავროვმა.
ასევე ნახეთ „ეს პატივისცემას იწვევს“ - ლავროვი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, არ შეუერთდეს სანქციებს