გერმანიის მთავრობამ დაამტკიცა "ლეოპარდის" ტიპის ტანკების მიწოდება უკრაინისთვის

საილუსტრაციო ფოტო: გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი "ლეოპარდ 2-ის" ტიპის ტანკთან. 2022 წლის ოქტომბერი.

გერმანია უკრაინას გაუგზავნის "ლეოპარდ 2-ის" ტიპის ტანკებს და დაამტკიცებს მათ ხელახალ ექსპორტს პარტნიორი ქვეყნებიდანაც, აცხადებს გერმანიის მთავრობის პრესმდივანი შტეფენ ჰებეშტრაიტი 25 იანვარს.

მიზანია სწრაფად შედგეს "ლეოპარდ 2-ის" ტიპის ტანკების ორი ბატალიონი უკრაინისთვის - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ გერმანია, პირველი ნაბიჯის ფორმით, თავისი არსენალიდან გამოყოფს "ლეოპარდ 2-ის" ტიპის 14 ტანკს.

ასევე ნახეთ გერმანია უკრაინას თავის წარმოებულ ტანკებს მიაწვდის

გერმანიაში მალე დაიწყება უკრაინელი სამხედროების წვრთნა და, ამავე დროს, გერმანია გამოვა ლოგისტიკური დახმარებით და საჭირო საბრძოლო მასალებით, ნათქვამია განცხადებაში.