მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები - "ნოვაია გაზეტას" დამაარსებელი დმიტრი მურატოვი და ფილიპინელი ჟურნალისტი მარია რესა - "წითელ ჯვარს" მიმართავენ თხოვნით, გადაარჩინოს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც კოლონიაში იხდის პატიმრობას და იმყოფება სადამსჯელო იზოლატორში, სადაც მას, ჯანმრთელობის გაუარესების ფონზე, არ აწვდიან მედიკამენტებს. მურატოვის და რესას განცხადება გამოქვეყნდა "ნოვაია გაზეტას" ვებსაიტზე.
განცხადებაში ნათქვამია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ "წითელ ჯვარს" აქვს შესაძლებლობა, დახმარება გაუწიოს პოლიტიკურ პატიმრებს.
"და ჩვენ გთხოვთ - გამოიყენეთ ეს [შესაძლებლობა]. ... შეუძლებელია, თავს გრძნობდე ადამიანად, როცა გვერდით, ციხეებსა და ბანაკებში, პოლიტიკურ პატიმრებს აწამებენ. შეხედეთ რა გაუკეთეს პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის - მრავალრიცხოვანი სასჯელები ნებისმიერი საბაბით და სამედიცინო დახმარების არარსებობა. შეიძლება ამის შემდეგ თვალებში შევხედოთ მის ცოლს, შვილებს, მშობლებს? მოიქეცით ისე, როგორც ამას გკარნახობთ 'ადამიანთა ტანჯვის არდაშვების' თქვენი უნივერსალური პრინციპი", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ტექსტშია აღნიშნული, "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა წერილის ერთ-ერთ ავტორთან საუბარში თქვეს, რომ "ორგანიზაციას არ აქვს ამგვარი მოქმედების მანდატი".
ასევე ნახეთ 2 წელი ნავალნის დაპატიმრებიდან - რუსების გაშვებული შანსი?მიმართვის შესავალში წერილის ავტორები ამბობენ, რომ ნავალნიმ, თავისი ორწლიანი პატიმრობის ფარგლებში, 100 დღემდე გაატარა სადამსჯელო იზოლატორში, რისი საბაბიც, მათ შორის, გახდა ის გარემოება, რომ პირი დაიბანა განსაზღვრულზე 25 წუთით ადრე. ნავალნის აკრძალული აქვს წერილების მიღება და ახლობლებთან შეხვედრა, ადვოკატებს არ აქვთ საშუალება მას წამლები გადასცენ.