უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 11 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის არმიის სამხედროები ქალაქ ბახმუტთან. 2023 წლის 20 იანვარი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 4 სარაკეტო და 5 საავიაციო დარტყმა და 40-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგემ არტილერიიდან და ტანკებიდან დაცხრილა ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების დასახლებული პუნქტები.

უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნებულია რაკეტებით და ე.წ. კამიკაძე დრონებით დარტყმების საფრთხე.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 2 და დონეცკის ოლქის 9 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის ბახმუტთან. BBC-ს ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ, რომ ჩამონათვალში იმ დასახლებული პუნქტებისა, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა შეტევები მოიგერიეს, არის სოფელი სტუპოჩკი. ის მდებარეობს ქალაქების, ბახმუტის და კონსტანტინოვკის დამაკავშირებელ გზაზე და უკრაინის თავდაცვის ძალების მომარაგებისთვის მნიშვნელოვანი კვანძია.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 3 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 4 რაიონი და საბრძოლო მასალების 3 საწყობი

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის სხვა წყაროებით, ოპერატიულად გადამოწმება ვერ ხერხდება.

ასევე ნახეთ პოლონეთმა შეიძლება "მცირე კოალიცია" შექმნას უკრაინისთვის გერმანული ტანკების გადასაცემად