გერმანია მზად არის, პოლონეთს უფლება მისცეს მის შეიარაღებაში არსებული Leopard 2 ტანკები უკრაინას გაუგზავნოს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ კვირას განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა. მისი თქმით, გადაწყვეტილება შესაძლებელია მიღებულ იქნეს, თუკი ბერლინი ასეთ მოთხოვნას მიიღებს ვარშავისგან.
„თუკი ჩვენ გვკითხავენ ამის თაობაზე, ჩვენ გზაზე არ გადავეღობებით ამას“, - განაცხადა ბერბოკმა ფრანგულ ტელეარხ LCI-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ფრანგულ-გერმანული მოლაპარაკებების შემდეგ გაიმართა პარიზში. „ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ტანკები, ამიტომ ჩვენს პარტნიორებთან განვიხილავთ ამას. ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ მოხერხდეს ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და უკრაინის გათავისუფლება“, - აღნიშნა ბერბოკმა.
ასევე ნახეთ პოლონეთმა შეიძლება "მცირე კოალიცია" შექმნას უკრაინისთვის გერმანული ტანკების გადასაცემადპოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ ადრე განაცხადა, რომ ვარშავა მის ხელს არსებული გერმანული წარმოების ტანკებს გაუგზავნის კიევს მაშინაც კი, თუკი ამას არ გააკეთებს თავად გერმანია.
მორავეცკის კომენტარი გაჩნდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა უკრაინისთვის ფრანგული საბრძოლო ტანკების, Leclerc-ების მიწოდება. დიდმა ბრიტანეთმა უფრო ადრე გამოაცხადა, რომ კიევს გაუგზავნის თავის მძიმე ტანკებს, Challenger 2-ებს.
პარასკევს გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე, ნატოს წევრთა თავდაცვის მინისტრებმა და ზოგი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიღებულია გადაწყვეტილება, უკრაინაში ჯერჯერობით არ გაიგზავნოს Leopard 2 ტანკები, რომლებსაც კიევი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს საკუთარი ტერიტორიების დასაბრუნებლად, რომლებიც რუსეთს აქვს ხელში ჩაგდებული.
ბერლინი დღემდე უარს ამბობდა სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის პოლონეთისთვის, გერმანული ტანკების ექსპორტის უფლების მიცემაზე. გფრ-ში გაისმოდა შიში, რომ ასეთი მძლავრი იარაღის გაგზავნამ შეიძლება რუსეთის პროვოცირება და ომის კიდევ უფრო ესკალაცია გამოიწვიოს.