უკრაინის კულტურის მინისტრი ბუბა კიკაბიძეზე: გმირები არ კვდებიან

უკრაინის კულტურის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩენკო


უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრი ალექსანდრ ტკაჩენკო თბილისში ქართველი კინომსახიობისა და მომღერლის, ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის პანაშვიდს დაესწრო. მან თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში), სადაც სამოქალაქო პანაშვიდი იმართება, თქვა, რომ უკრაინაში აფასებენ კიკაბიძის არა მხოლოდ ნიჭს, არამედ მის პრინციპულ პოზიციებსაც.

ასევე ნახეთ ბუბა სულ სხვა იყო

"ომის მიუხედავად და იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში ყოველდღე იღუპება ხალხი, ჩვენთვის, უკრაინის მთავრობისთვის და უკრაინის პრეზიდენტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატივი მივაგოთ უდიდესი ქართველის, ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნას. უკრაინაში აფასებენ არა მხოლოდ მის ნიჭს, არამედ მის პრინციპულ პოზიციას", - თქვა მან.

ალექსანდრ ტკაჩენკომ ვახტანგ კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდზე ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში შეკრებილ ადამიანებს ქართულ ენაზეც მიმართა:

"რუსეთ-უკრაინის ომის დროს ჩვენს ქვეყანაში როცა იღუპებიან მებრძოლები, მაშველები, ექიმები ამბობენ, რომ "გმირები არ კვდებიან". ეს სრულად ეხება ვახტანგ კიკაბიძეს - გმირები არ კვდებიან".

ასევე ნახეთ ზელენსკი: მადლობას ვუხდით ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის

ბუბა კიკაბიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ცნობილ ქართულ საბჭოთა ფილმში, მათ შორისაა: "მიმინო“ (1977), "არ დაიდარდო" (1969), "ვერის უბნის მელოდიები" (1973) და სხვა.

ქართველი კინომსახიობი, მომღერალი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მოქმედი, მე-10 მომწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო პარტია "ნაციონალური მოძრაობიდან".

ბუბა კიკაბიძეს დღეს, 19 იანვარს, თბილისში, ვერის სასაფლაოზე ცოლისა და დედის გვერდით დაკრძალავენ.