საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ოფიციალურად უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას, რუსეთთან ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობის შესახებ. დიპლომატმა „პალიტრანიუსის" ეთერში ილაპარაკა „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების საკითხზე, რომელთა გადაცემასაც უკრაინა საქართველოსგან ითხოვდა.
„უკრაინის მხარე თანმიმდევრულია ყველა საერთაშორისო პარტნიორისადმი, მათ შორის საქართველოსადმი იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და სხვა საარტილერიო მასალის მიწოდებასთან დაკავშირებით თხოვნაში. იარაღი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. ჩვენთვის გაუგებარია ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები, კერძოდ, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადებები, რომ უკრაინამ ითხოვა „ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების უფასოდ გადაცემა. მინდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით და ხაზი გავუსვა, რომ უკრაინამ გაგზავნა საქართველოში, თავდაცვის სამინისტროს მისამართზე უკვე 30 ოფიციალური მოთხოვნა. უკრაინის საელჩოს მიერ ბოლო იყო გაგზავნილი 12 იანვარს და მოთხოვნები უპასუხოდ დარჩა. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ შეიძლება მოხდეს იარაღის და სამხედრო ტექნიკის გადაცემა ან შესყიდვა.
უკრაინა ადასტურებს მზადყოფნას, შეისყიდოს ისინი საქართველოსგან ურთიერთსასარგებლო პირობებით. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ უკრაინა ეწინააღმდეგება ამ საკითხის საქართველოს შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში გამოყენებას და ოფიციალურად უარყოფს ნებისმიერ ბრალდებას საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით.
უკრაინული მხარე ხაზს უსვამს საქართველოს საიმედო მოკავშირეების წრის ჩამოყალიბებისა და მისი უსაფრთხოების რეალური გარანტიების მნიშვნელობას. სწორედ ასეთი პოზიციებიდან ვაფასებთ და განვიხილავთ საქართველოს მონაწილეობას მოკავშირეთა, პარტნიორების ფართო კოალიციის ფორმატში, რამშტაინის ფორმატში, თითოეული ქვეყანა შეიძლება იყოს როგორც დონორი, ასევე სამხედრო დახმარების მიმღები. მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ გამოიყენა ეს ფორმა იმისათვის, რომ ძველი შეიარაღება მოიშოროს და ახალი იყიდოს“, - განაცხადა კასიანოვმა [„პალიტრანიუსის" თარგმანი].
9 იანვარს გამოცემა „უკრაინსკა პრავდამ“ გამოაქვეყნა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ანდრი კასიანოვის სტატია. კასიანოვის ინფორმაციით, უკრაინა უკან ითხოვდა კომპლექსებს „ბუკი“, რომლებიც საქართველოს გადასცა 2008 წლის ომის დროს და ასევე აშშ-ის მიერ საქართველოსთვის მიწოდებულ ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს "ჯაველინი". უკრაინელი დიპლომატის თქმით, აშშ თანახმა იყო, რომ საქართველოს "ჯაველინები" უკრაინისთვის გადაეცა, უფრო ახალი კომპლექსების სანაცვლოდ.
ასევე ნახეთ კასიანოვი: უკრაინა საქართველოსგან ითხოვდა "ბუკებს" და "ჯაველინებს"საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც განმარტავს, რომ არ არის მართალი "ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია", თითქოს უკრაინამ "ბუკის“ საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს.
უწყების ცნობით, „ბუკის“ სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს „მრავალმილიონიანი შესყიდვით“ მიიღო.
ასევე ნახეთ თავდაცვის სამინისტრო: „ბუკის“ სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს „მრავალმილიონიანი შესყიდვით“ მიიღოკასიანოვის სტატიაში გამოთქმული მოსაზრება მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა საქართველოს ომში ჩართვის შესაძლო მცდელობად შეაფასეს.
2022 წლის აგვისტოში უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა უკრაინულ "24 Канал-თან" ინტერვიუში თქვა, რომ დღესაც თვლის, რომ თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია დაიცვას საკუთარი მიწები.
"როდესაც ომი დაიწყო, მე მქონდა კამათი ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო. დღესაც ვთვლი, რომ თუ საქართველო ამ რეგიონებს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია, დაიცვას საკუთარი მიწები. ასევე სხვა ქვეყნებმა - თუ ფიქრობთ, რომ ეს თქვენია, მოგვბაძეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ... არ მინდა სხვა ქვეყნების ხელისუფლებას შევეხო, მაგრამ ჩვენ მათთვის დიდ საქმეს ვაკეთებთ. მათ მაგივრად არა, მათთვის. დანარჩენში თვითონ გაერკვევიან, მათი ტერიტორიაა. ჩვენ ახლა ჩვენი ქვეყანა გვაქვს დასაცავი", - თქვა დანილოვმა.
დანილოვმა მსგავსი განცხადება 26 მარტსაც გააკეთა. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელმა თქვა: "თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია პრეტენზია კალინინგრადის ოლქზე, ეს ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარებოდა, მათ [რუსეთს] სხვა საქმეებიც გამოუჩნდებოდათ, გარდა იმისა, რომ გაანადგურონ ჩვენი ქალაქები და სოფლები, დახოცონ ჩვენი ბავშვები და ქალები." დანილოვის ამ განცხადებას საქართველოში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მანამდე კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურნენ. შალვა პაპიაშვილმა თქვა, რომ მიუღებელია საქართველოსთვის ომის დაწყების მოწოდება.