რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, განცხადებით გამოწვეულ შეფასებებს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა. დეპუტატი პოლიტიკურ ოპონენტებს ადანაშაულებს ლავროვის განცხადების „ქართული ოცნების" წინააღმდეგ გამოყენებაში.
„რა კითხვას დასვამს „ალტ-ინფო" და რას უპასუხებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ამაზე აქვთ აგებული ხელისუფლების საწინააღმდეგო, დაზეპირებული კამპანია იმ ადამიანებს, რომლებმაც:
- რუსეთს - გაუფორმეს საქართველოს 20%-მდე ტერიტორია!
- რუსეთს - ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე!
- რუსეთს - მიყიდეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტები!
- რუსეთს - მხარი დაუჭირეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მაშინ, როდესაც საქართველოს ხმა იყო გადამწყვეტი.
- რუსეთს - ცალმხრივად გაუუქმეს სავიზო რეჟიმი!
- რუსებს - პირადად ხვდებოდნენ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე და „აპიარებდნენ" ამ ამბავს!
- რუსეთსაც - გაუწიეს ანგარიში საქართველოში კონტრაბანდულად შემოპარვისას!
- რუსეთთან - არ დაწვეს ხიდები სხვა მიმართულებებიდან პირდაპირი დავალებების შესრულების მიუხედავად!
- რუსებისგან - იღებენ შემოსავალს, - ქირას თუ დაფინანსებას პირდაპირ ფედერალური ბიუჯეტიდანაც კი!
- ერთადერთი, რასაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ აკეთებენ, ეს მხოლოდ ისტერიული ლაპარაკი და ლანძღვა-გინებაა!
პ. ს. რუსეთისგან - არ უნდათ სანქციების მოხსნა ფრენებზე, რომელიც მილიონამდე ჩვენი თანამემამულისთვის დიდი შეღავათი იქნება!
საბედნიეროდ ქართული საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას ის ადამიანები შეადგენენ, ვისი მოტყუებაც შეუძლებელია!.." - წერს მამუკა მდინარაძე.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს, 18 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე შეაქო საქართველოს მთავრობა „ვაჟკაცობისთვის“, რომ დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, არ უერთდება რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს. სერგეი ლავროვს კითხვა პრორუსული ტელეარხის, „ალტ-ინფოს“, ჟურნალისტმა დაუსვა, შეკითხვა უკრაინაში ომის კონტექსტში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს უკავშირდებოდა.
ასევე ნახეთ „ეს პატივისცემას იწვევს“ - ლავროვი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, არ შეუერთდეს სანქციებსსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ საქართველო არ მიუერთდება დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს, მანვე განაცხადა, რომ რუსეთთან ომი არ იქნება.
17 იანვარს "პალიტრანიუსის" ეთერში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ "ნატო და ევროკავშირი არ არის თვითმიზანი - თუ დავინახავთ, რომ სხვა მიმართულებით შეიძლება ქვეყნის გაერთიანება ან განვითარება, ამასაც ვიტყვით, არ მოგვერიდება".