DRI ლევან ბერძენიშვილის საქმეზე: მოძალადე ჯგუფები ხელისუფლების წახალისებულია

ფოტოკოლაჟი

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" აცხადებს, რომ მოძალადე ჯგუფები ხელისუფლების წახალისებულია. ასე ეხმიანება ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია ყვარელში 15 იანვარს მომხდარ შემთხვევას, როცა ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილს მოქალაქეთა ერთმა ჯგუფმა არ მისცა ილია ჭავჭავაძეზე ლექციის წაკითხვის საშუალება.

"ყვარელში მომხდარი თავდასხმის დროს, შეკრებილებს შორის შენიშნეს საჯარო მოხელეები, რაც მიანიშნებს, რომ ხელისუფლების მისამართით კრიტიკულად განწყობილი ადამიანების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორების აქტები სავარაუდოდ ხელისუფლების წახალისებულია...

გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ უზრუნველყვეს ლევან ბერძენიშვილის გადაადგილების თავისუფლება და შენობაში უსაფრთხოდ შესვლა. თავდამსხმელების ჯგუფი რამდენიმე ათეული ადამიანისგან შედგებოდა. სამართალდამცავების შედარებით მეტი რაოდენობით მობილიზაციის და/ან სათანადო მოქმედების შემთხვევაში, ისინი შეძლებდნენ ლევან ბერძენიშვილის უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფას", - წერია განცხადებაში.

როგორც რადიო თავისუფლებას ყვარელში "ევროკლუბის" დამფუძნებელმა ნიკა გურინმა უთხრა, გუშინ, 15 იანვარს, ლექციის დაწყებამდე 15 წუთით ადრე, ოფისთან შენიშნა მისთვის უცნობი ადამიანების ჯგუფი, რომელმაც ბერძენიშვილს არ მისცა შენობაში შესვლის უფლება.

ასევე ნახეთ "პოლიციას არც უფიქრია, დარბაზში შევეყვანე" - ლევან ბერძენიშვილი ყვარელში ლექციაზე არ შეუშვეს

მოგვიანებით "კონსერვატიულმა მოძრაობამ" დაადასტურა, რომ ყვარელში მათმა მხარდამჭერებმა შეუშალეს ხელი ბერძენიშვილს ლექციის ჩატარებაში.

2022 წლის ზაფხულის დასაწყისში ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი კრიტიკის სამიზნე გახდა იმისთვის, რომ მეფე ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა. გავრცელდა პეტიცია, რომელზე ხელის მომწერნიც ითხოვდნენ, აეკრძალოს ლევან ბერძენიშვილს ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვის, თელავში ერეკლე მეორის მხარდასაჭერად საჯარო მოხელეების მონაწილეობით გაიმართა აქცია.

ასევე ნახეთ "ხალხს ატყუებენ, თითქოს ჩვენ ვიბრძვით ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ" - ლევან ბერძენიშვილი