Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"პოლიციას არც უფიქრია, დარბაზში შევეყვანე" - ლევან ბერძენიშვილი ყვარელში ლექციაზე არ შეუშვეს


ფოტოილუსტრაცია: ლევან ბერძენიშვილს ყვარლის "ევროკლუბთან" მისასვლელი გზა გადაუკეტეს. 15 იანვარი, 2023 წელი
ფოტოილუსტრაცია: ლევან ბერძენიშვილს ყვარლის "ევროკლუბთან" მისასვლელი გზა გადაუკეტეს. 15 იანვარი, 2023 წელი

ყვარლის "ევროკლუბში", სადაც ასევე ფუნქციონირებს "ამერიკული კუთხე", ლევან ბერძენიშვილს 15 იანვარს ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ევროკლუბის" ხელმძღვანელმა ნიკა გურინმა გაავრცელა.

მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ღონისძიების დაწყებამდე დაახლოებით 15 წუთით ადრე, ორგანიზებულად შეიკრიბნენ მისთვის უცნობი ადამიანები და ლევან ბერძენიშვილს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

"ადგილობრივები არ ჩანდნენ. კახეთის სხვადასხვა რაიონიდან ჩამოყვანილებმა პიკეტირება მოგვიწყვეს. ზოგი ყვიროდა, რომ თელავიდან იყო, ზოგი ამბობდა, ახმეტიდან ვარო. გარედან ალყაში მოგვაქციეს, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით შეხვედრის გაუქმება მოგვიწია.

ლევან ბერძენიშვილს ლექცია უნდა ჩაეტარებინა თემაზე ილია და აქტივიზმი. შენობაში ბევრი ბავშვი, მათ შორის არასრულწლოვანი ელოდა შეხვედრას. ბატონი ლევანი ჩვენს სივრცემდე ფიზიკურად ვერ მოვიყვანეთ, რადგან ჩაკეტილი ჰქონდათ ყველა შემოსასვლელი. ყვიროდნენ, რომ ერეკლე პაპას შვილიშვილები იყვნენ", - ამბობს ნიკა გურინი. მისივე ინფორმაციით, 112-ში თავად დარეკეს და პოლიცია გამოიძახეს.

ნიკა გურინის მიერ გავრცელებულ ვიდეო და ფოტომასალებში ჩანს პრორუსულ და ძალადობრივ ჯგუფ „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული პარტიის, "კონსერვატიული მოძრაობის" წარმომადგენელი თელავში გიორგი კარჭაული. ის ბერძენიშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვების მიმართავს.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა ლევენ ბერძენიშვილსაც. როგორც ის ჰყვება, ადგილზე 3-4 პოლიციელი იყო, მან კი მანქანიდან გადმოსვლა ვერ შეძლო.

"მოწვეული ვიყავი, რომ ილია ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით ილიაზე მესაუბრა, მაგრამ თელავიდან გამოუგზავნიათ ბრიგადა, რომ ჩაეშალათ ეს ღონისძიება. ბევრნი არ იყვნენ, მაგრამ სულ 3-4 პოლიციელი იყო. ჩემი იქ შესვლა არ იყო უზრუნველყოფილი. გამოთქვეს პრეტენზიები, არ მოეწონათ, არ მოსწონთ ჩემი აზრები რაღაცებზე, საერთოდ. მე მეგონა, ერეკლეზე იქნებოდა მარტო, მაგრამ თურმე ლგბტ თემთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრებები... საერთოდ, მე არ მოვწონვარ ამ ხალხს.

წარმოუდგენელი იყო იქ შესვლა, მანქანიდან არც ჩამოვსულვარ. ეს იყო მომზადებული კადრები, ლაპარაკობდნენ სისულელეებს, ლაპარაკობდნენ გაუმართავად, ანუ ცოტა წერა-კითხვასთან მწყრალად იყვნენ".

მისივე თქმით, ღონისძიების ჩაშლა ხელისუფლების ორგანიზებული იყო, რადგან ადგილზე საჯარო მოხელეები იყვნენ მისული:

"ხელისუფლების გაკეთებული იყო, ამაში ერთი წამით ეჭვი არ მეპარება. რაში ხარჯავენ ბიუჯეტის ფულს, ახლა ამაზე უნდა დაფიქრდეს კაცი. ბოლო-ბოლო რას დავაშავებდი, ილიაზე უნდა მელაპარაკა?! ორგანიზებული სახე ჰქონდა, აშკარად საჯარო მოხელეები იყვნენ, ესენი არ იყვნენ უბრალო მოქალაქეები, მაგრამ ასეთი საჯარო მოხელეები თუ გვყავს, კარგად ჰქონიათ თელავში საქმე.

ეს ის ხალხი იყო, ვისაც ადრე ვხედავდით ტელევიზიით, რომლებსაც ეწყინათ, რომ "მათ პაპას შევეხე მე". "ერეკლე ჩემი პაპააო რომ იძახდა", ასეთი ტანმორჩილი, შუახნის კაცი აქტიურობდა".

ღონისძიების გაუქმების შემდეგ ლევან ბერძენიშვილი უკან, თბილისში დაბრუნდა. იგი ჰყვება, რომ ყვარელში შეკრებილები აგრესიულები იყვნენ და მათთან არ უსაუბრია.

"ამ მოქალაქეებთან საუბარს აზრი არ ჰქონდა, განწყობილი იყვნენ აგრესიულად და ალბათ, მაღალ ქულებს ჩაიწერდნენ ფიზიკურად თუ შეგვეხებოდნენ. მაგისი ილუზია, რომ 3 ცალი პოლიციელი ვინმეს დაიცავდა, არ მქონია. ნათელი იყო, რომ პოლიცია აბსოლუტურად მშვიდად იდგა, ერთი წამით არ უფიქრიათ, რომ მე რამენაირად დარბაზში შევეყვანე“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ლევან ბერძენიშვილმა.

რადიო თავისუფლება მომხდარის დეტალებს არკვევს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.

2022 წლის ზაფხულის დასაწყისში ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი კრიტიკის სამიზნე გახდა იმის გამო, რომ ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა. გავრცელდა პეტიცია, რომელზე ხელის მომწერნიც ითხოვდნენ, აეკრძალოს ლევან ბერძენიშვილს ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვის, თელავში ერეკლე მეორის მხარდასაჭერად საჯარო მოხელეების მონაწილეობით გაიმართა აქცია.

XS
SM
MD
LG