„აზოვსტალზე“ განხორციელებულ იერიშში რუსეთის დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვი მონაწილეობდა - უკრაინის უშიშროება

რუსეთის დუმის დეპუტატი დელიმხანოვი კადიროვის უახლოესი თანამოაზრე და, სხვადასხვა წყაროს თანახმად, მისი ნათესავიცაა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა მოიპოვა მტკიცებულება, რომელიც მოწმობს, რომ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ჩეჩნეთიდან, ადამ დელიმხანოვი, ქალაქ მარიუპოლის დაპყრობის ოპერაციაში მონაწილეობდა. უკრაინის სახელმწიფო უწყების 12 იანვრის ცნობის თანახმად, დელიმხანოვი, რომელიც რამზან კადიროვის უახლოესი თანამოაზრე და, სხვადასხვა წყაროს თანახმად, ნათესავიცაა, უშუალოდ ხელმძღვანელობდა კადიროველთა შეტევას მარიუპოლში ქარხანა „აზოვსტალზე“.

დელიმხანოვი იქ სათავეში ედგა დაჯგუფებას, რომელშიც შედიოდნენ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის გვარდიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში შემავალი ადგილობრივი ქვედანაყოფები. გასული წლის თებერვალ-მაისში კადიროველები ადამ დელიმხანოვის ხელმძღვანელობით ასევე იბრძოდნენ უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე. უკრაინის უშიშროებამ ასევე დაადგინა, რომ დამპყრობლები აქტიურად მონაწილეობდნენ „აზოვსტალის“ მეტალურგიულ კომბინატზე განხორციელებულ იერიშში.

სახელმწიფო დუმის დეპუტატი თავისი ტელეგრამის არხითაც ავრცელებდა რამზან კადიროვის ვიდეომიმართვებს, რომლებშიც ჩეჩნეთის ლიდერი ამართლებდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას.

ასევე ნახეთ

ვინ არის რუსეთის გმირი დელიმხანოვი და რატომ დააწესა კადიროვმა 1 მილიონი დოლარის ჯილდო?


უკრაინელი სამართალდამცველები რუს პოლიტიკოსს ეჭვმიტანილად მიიჩნევენ უკრაინის ტერიტორიის საზღვრების შეცვლისა და რუსეთის აგრესიის გამართლებაში თანამონაწილეობაში.

ქალაქ მარიუპოლის ბლოკადა დაიწყო 2022 წლის მარტის დასაწყისში და გაგრძელდა მაისის შუა რიცხვებამდე, ვიდრე „აზოვსტალის“ ქარხანა არ დატოვეს მისმა ბოლო დამცველებმა, რომლებმაც, წინასწარი შეთანხმების თანახმად, იარაღი დაყარეს და რუსებს ჩაბარდნენ. მხარეთა შორის მოლაპარაკების შედეგად უკრაინამ შეძლო მარიუპოლის დამცველთა დიდი ნაწილის უკან დაბრუნება.

ასევე ნახეთ

რუსეთმა და უკრაინამ 2023 წელს ტყვეების პირველი ჯგუფები გაცვალეს



ამჟამად მარიუპოლი მთლიანად ოკუპირებულია რუსეთის სამხედროების მიერ. ქალაქის ხელისუფლების განცხადებით, მარიუპოლში ჰუმანიტარული კატასტროფა გრძელდება, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი, სულ მცირე, ათი ათასს აღწევს.