სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ბახმუტში გამარჯვება პრიგოჟინისთვის პრესტიჟის საქმეა.
ოდესღაც დონეცკის ოლქის ამ ქალაქში ცქრიალა ღვინოს ასახმდნენ, დღეს კი იქ იმდენად სასტიკი ბრძოლებია, რომ უკრაინელებიცა და რუსებიც მას “ხორცსაკეპს” ეძახიან.
უკრაინაში ომის დაწყებამდე ქალაქში 70 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა რამდენიმე ათასიღაა დარჩენილი. იანვრის დასაწყისში, საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ თქვა, რომ განადგურებულია ბახმუტის ინფრასტრუქტურის 60%-ზე მეტი.
მეზობელ ქალაქებზე, ბახმუტსა და სოლედარზე თავდასხმები 2022 წლის მაისში დაიწყო. იქიდან მოყოლებული, რუსეთი უტევს არამხოლოდ არტილერიით, არამედ ქვეითი ჯარითაც, რის გამოც, სხვადასხვა მონაცემებით, უკვე ასეულობით ჯარისკაცი დაკარგა.
“ქალაქი მოფენილია გვამებით, რომელიც მოწინააღმდეგეს არ გააქვს. ისინი, პირდაპირი მნიშვნელობით, საკუთარი ჯარისკაცების გვამებზე დადიან” - უთხრა დეკემბერში უკრაინელმა ოფიცერმა გამოცემა “ქარენთ თაიმსს”.
ასევე ნახეთ „უღმერთოდ ისვრიან“ - რა ხდება ბახმუტში, სადაც 5 ქართველი მოხალისე დაიღუპარატომაა ბახმუტის აღება მნიშვნელოვანი?
სამხედრო ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ბახმუტის აღებით, რუსეთი გაწყვეტს კავშირს უკრაინული ჯარის ორ ფლანგს შორის, და ასევე გაიმარტივებს თავდასხმას კრამატორსკსა და სლავიანსკზე, ორ ინდუსტრიულ ქალაქზე, რომელზეც რკინიგზა გადის.
მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაცია, ომის შემსაწვლელ ინსტიტუტში (ISW) მიაჩნიათ, რომ ეს სარგებელი მეტისმეტად მწირია, იმ დანაკარგებთან შედარებით, რასაც რუსეთი ბახმუტთან ბრძოლებისას განიცდის.
ეს დანაკარგები “გადაწონის ნებისმიერ ოპერატიულ უპირატესობას, რომელსაც რუსები ბახმუტის აღებით მიიღებენ” - განაცხადა ISW-მ ჯერ კიდევ ნოემბერში.
ბახმუტზე ასეთი ფიქსაციის მიზეზი პოლიტიკური შეიძლება იყოს. რუსეთმა უკვე განიცადა არაერთი მარცხი აღმოსავლეთ უკრაინაში, დაკარგა რამდენიმე სტრატეგიული ქალაქი და ამიტომ, პროპაგანდას სჭირდება კარგი ამბები.
“რუსეთს სურს აჩვენოს, რომ შეუძლია, დაიპყროს ყველა ტერიტორია, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის” - უთხრა ავსტრიელმა გენერალმა, ვალტერ ფაიხტინგერმა დეკემბერში “დოიჩე ველეს".
პრიგოჟინის ამბიციები
ISW, ისევე, როგორც აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის დაზვერვა, არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა საქმე, რუსი ოლიგარქის, ევგენი პროგიჟონის პირად ამბიციებშია.
პრიგოჟინი კერძო სამხედრო დაჯგუფების, “ვაგნერის” მფლობელია. თავდაპირველად, მისი “ვაგნერი” სირიაში იბრძოდა, გაზაფხულიდან კი უკრაინაში. სხვადასხვა ცნობების თანახმად, პრიგოჟინი ახალი რეკრუტების მოსაძებნად პირადად ჩადის ციხეებში.
უკვე დიდი ხანია, პრიგოჟინი ამტკიცებს, რომ ბახმუტის აღებას მხოლოდ “ვაგნერი” ცდილობს. ამას ადასტურებენ, როგორც უკრაინა, ისე დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.
3 იანვარს გავრცელებულ ვიდეოში, პრიგოჟინი ამბობს, რომ ბახმუტზე შეტევა დამქანცველია, რადგან ყოველი სახლი “ციხისიმაგრედაა” ქცეული, უკრაინლები კი “ყოველ 10 მეტრში” არიან გამაგრებულები.
აქედან პირველი ვარაუდი: პრიგოჟინს სურს, პუტინს დაუმტკიცოს - სანამ რუსეთის რეგულარული არმია მარცხდება, მისი ჯარი წარმატებას აღწევს.
მეორე ვერსიით, პრიგოჟინს გაცილებით უფრო მერკანტილური ინტერესი ამოძრავებს. 5 იანვარს, როიტერსმა, თეთრ სახლში მის წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ პრიგოჟინს აინტერესებს ბახმუტის სიახლოვეს მდებარე ევროპაში უდიდესი მარილის საბადო, რომლის ფართობიც 179 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.
სიმბოლური მნიშვნელობა
რამდენიმე თვის წინ, “სიენენმა” დაწერა, რომ “ვაგნერის” წევრებს გააქვთ ოქრო სუდანიდან, იქაური ხუნტის დახმარებით. დეკემბრის ბოლოს კი, თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ აშშ-ის გამოთვლებით, უკრაინაში ომის წარმოება პრიგოჟინს თვეში დაახლოებით 100 მილიონი დოლარი უჯდება.
ვაშინგტონის მონაცემებით, ვაგნერმა 2022 წლის დეკემბრსთვის ომში დაახლოებით 50 ათასი მებრძოლი გააგზავნა. აქედან დაიჭრა 10 ათასი, 4100 კი დაიღუპა. მათგან ათასზე მეტი, ბახმუსტისთვის ბრძოლაში.
უკრაინა ბახმუტის დათმობას არ აპირებს. “ნიუ იორკ ტაიმსის” სტატიის თანახმად, თავდაპირველად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეჭვი ეპარებოდა, რომ ქალაქის დაცვა “დღეში 100 ჯარისკაცის სიცოცხლედ” უღირდა. მაგრამ ახლა ბახმუტმა უკრაინისთვის სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა.
ომი უკრაინაში თითქმის 11 თვეა გრძელდება. ბახმუტისთვის ბრძოლა - 8 თვეზე მეტი. ეს ამ ომის ყველაზე გრძელი ეპიზოდია.